თუ სასწაული არ მოხდა, „რეალი” უკვე ვეღარაფერს მოიგებს და ეს იქნება მეშვიდე „მშრალი” სეზონი ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის ეპოქაში. „მარკა” შეგვახსენებს, რომ ყოველ ასეთ სეზონს კი კლუბში ცვლილებები მოსდევდა. გადავხედოთ, რომელ წელიწადს რა შეცვალა ფლორენტინომ წინა ექვს შემთხვევაში. 

2004

პერესის პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში „რეალი” ორჯერ გახდა ლა ლიგას ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. შემდეგ კი გუნდი კარლუშ კეირუშის ხელში ჩავარდა. ოღონდ, თუ გახსოვთ, ეს კეირუში თავად ფლორენტინომ მიიყვანა წარმატებული და ლეგენდარული ვისენტე დელ ბოსკეს ნაცვლად.

წარუმატებელი კეირუში მაშინ კამაჩომ შეცვალა.

 2005

კამაჩოს ხელში „რეალს” ზედიზედ მეორე „მშრალი” სეზონი დაუდგა. იმ წელიწადს ფლორენტინომ გუნდში მიიყვანა სერხიო რამოსი, ჟულიო ბაპტისტა და რობინიო. წავიდნენ: ლიუშ ფიგუ, სანტიაგო სოლარი, მაიკლ ოუენი, ვალტერ სამუელი და სხვები. სპორტულ დირექტორად არიგო საკი მუშაობდა, მაგრამ დეკემბერში მწვრთნელად ვანდერლეი ლუშემბურგო მივიდა და საკი გაეცალა.

2009

ამ წელიწადს ფლორენტინო პერესი კლუბის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს და მან შეიძინა: კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ქარიმ ბენზემა, ხაბი ალონსო, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი და სხვები.

წავიდნენ: მიჩელ სალგადო, ფაბიო კანავარო, ვესლი სნაიდერი და არიენ რობენი.

მწვრთნელად დაინიშნა მანუელ პელეგრინი.

2010

მანუელ პელეგრინის ნაცვლად ფლორენტინომ მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ მიიყვანა. წავიდნენ რაული და გუტი. მივიდნენ: ანხელ დი მარია, მესუთ იოზილი, სამი ხედირა და სხვები.

2013

მოურინიუ კარლო ანჩელოტიმ შეცვალა. ცნობილთაგან მივიდნენ გარეთ ბეილი, ისკო, დანი კარვახალი, კაზემირო, ნაჩო, ალვარო მორატა. წავიდნენ: კაკა, იოზილი, გონსალო იგუაინი, როკარდო კარვალიუ, მაიკლ ესიენი და სხვანი.

2015

კარლო ანჩელოტი შეცვალა რაფა ბენიტესმა, რომელიც მალევე შეცვალა ზინედინ ზიდანმა.