ახლაღა გაჟღერდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა პსჟ-სა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გვარიანი გაწევ-გამოწევით დასრულებულა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მანჩესტერელთა ფრანგმა ლეგენდა ერიკ კანტონამ მატჩამდე გაავრცელა ვიდეოგანცხადება: „მანჩესტერი“ ისევე გადასანსლავს პსჟ-ს, როგორც მე ბაყაყსო.

ჰოდა, ნეიმარის მამამ წყენა გულში ჩაიდო. შეხვედრისას ნეიმარის ოჯახის და კანტონას ლოჟები გვერდი-გვერდ აღმოჩნდა. ბრაზილიური ოჯახის თავკაცი პსჟ-ის კარში გადამწყვეტი პენალტის გატანის შემდეგ კანტონას და მისი მეგობრების დაუფარავმა აღტაცებამ საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან. მან ჟესტით ანიშნა კანტონას, გრადუსს დაუწიეთო, რაზეც ერიკმა ტუჩებზე მიდებული თითით გაჩუმება ურჩია. მერე იყივლა ბრაზილიურმა სისხლმა და ნეიმარის მამა კანტონას ლოჟაში შეუვარდა…

სიტუაცია დროულად გამოჩენილმა სტიუარდებმა განმუხტეს და მოჩხუბარნი დააშოშმინეს. როგორც ჩანს, ნეიმარის მამა ახალგაზრდობაში ნაკლებად ადევნებდა თვალს ინგლისურ პრემიერლიგას და კუნგ-ფუთი კანტინას გატაცების შესახებ არაფერი სმენია, თორემ ასე არ გარისკავდა.