პატარაობაში კასპერ შმაიხელის ოცნება ლეგენდარული მამის კვალზე სიარული იყო. ლეგენდარული მამა, პიტერ (დანიურად ალბათ უფრო პეტერ) შმაიხელი კი მსოფლის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ.
დღეს პრიქითაა, უფროსი შმაიხელი კასპერის მამობით ამაყობს.
არა, იმას არ ვამბობთ, რომ კასპერი მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი გახდა, თუმცა ვერც საქმეში დაიწუნებ კაცი. უბრალოდ, მამა ამბობს, ვლოცულობ, არასდროს ჩავვარდე იმ მდგომარეობაში ჩემი ვაჟი რომ ჩავარდა, თორემ შეიძლება მისნაირი ვაჟკაცობა ვერ გამოვიჩინო და ჩემი თავის შემრცხვებაო.
გეხსომებათ, 27 ოქტომბერს „ლესტერის” მეპატრონე ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰა „კინგ პაუერ სთედიუმთან” ავიაკატასტროფაში დაიღუპა — თამაშის მერე მისი პატარა ვერტმფრენი აფრინდა და იქვე დაენარცხა. იმ დღეს „ლესტერმა” „ვესტ ჰემთან” 1:1 ითამაშა. კასპერ შმაიხელი „მელიების” კაპიტანი იყო. შემდეგ ის ვიჩაის, რომელთანაც მეგობრობდა, შვეულმფრენთან მიჰყვა, ხელი დაუქნია და… რამდენიმე წამში თავისი თვალით ნახა მთელი საშინელება. და რაც დიდ პიტერ შმაიხელს ყველაზე მეტად აღელვებს — კასპერი მეგობრის გადასარჩენად აალებულ, დანარცხებულ საფრენ აპარატთან მივარდა.
„მითხარით, ვინ მიირბენს ცეცხლმოკიდებულ ვერტმფრენთან? მან კი მიირბინა, — ცრემლნარევი ჩურჩულით ამბობს 55 წლის მამა, — ეს ჩემი შვილის პიროვნებაზე მეტყველებს. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მან ეს მართლა გააკეთა. აქ ინსტინქტმა იმოქმედა და მე სწორედ ამ ინსტინქტით ვამაყობ. ვამაყობ… და დღემდე ვერ ვიშორებ შიშის გრძნობას.

მე იქ არ ვიყავი. კასპერმა კი მთელი ღამე სტადიონზე გაათენა. მერე დამირეკა.
„ლესტერმა” იმ საღამოს განა მარტო მეპატრონე, მენტორი და ადგილობრივი საფეხბერთო კულტურის ლიდერი დაკარგა; ვიჩაი იყო ადამიანი, რომელმაც „ლესტერის” ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. გულწრფელად ვამბობ, ზოგადად ფეხბურთმა მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა”.
პიტერ შმაიხელი ამავე ინტერვიუში კიდევ ბევრს ლაპარაკობს „ლესტერზე”, მისი და მისი ვაჟის ხშირ სატელეფონო საუბრებზე, წარსულზე, მის დიდ მიღწევებზე „მანჩესტერ იუნაიტედში”, მაგრამ ყველაზე საინტერესოს 1999 წლის დაუვიწყარი ფინალის შესახებ ამბობს. ლაპარაკია ბარსელონაში, „კამპ ნოუზე” გამართულ ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ მატჩზე „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „ბაიერნს” შორის, რომელშიც მე-6 წუთზე ანგარიში მარიო ბასლერმა გახსნა, ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სულშერმა კი მსაჯის წამატებულ წუთებში (90+1-ზე და 90+3-ზე) გაიტანეს ორი გოლი და ბავარიელებს ხელიდან გამოსტაცეს გამარჯვება.
„იმ თამაშის არაფერი მახსოვს. აბსოლუტურად. ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა მანამდე, მაგრამ საკუთრივ შეხვედრა სრულიად ამოვარდნილი მაქვს გონებიდან. სერიოზულად გეუბნებით, ეტყობა ჩემი ტვინი გადაიტვირთა”, — ამბობს პიტერ შმაიხელი.