უეფა „მანჩესტერ სიტის“ საქმეზე გამოძიებას იწყებს. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ყურადღებას რამდენიმე შესაძლო ფინანსური დარღვევაზე გაამახვილებს, რომელთა თაობაზეც ბოლო პერიოდში რამდენიმე მედიასაშუალებაში დაიწერა.
პირველ ყოვლისა ლაპარაკია გერმანული „შპიგელის“ პუბლიკაციაზე, რომელშიც ავტორი „ფუტბოლლიკსზე“ დაყრდნობით წერს, რომ 2008-2012 წლებში „სიტის“ მეპატრონემ შეიხმა მანსურმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად 1,1 მილიარდი ევრო დახარჯა. არსებობს ვარაუდი, რომ ეგრეთ წოდებული ფინანსური ფეირ პლეის პრინციპების დასაცავად, კლუბმა სასპონსორო შეთანხმებების და მარკეტინგული უფლებების ღირებულებები ხელოვნურად გაზარდა.
ფინანსური ფეირ პლეი კლუბებს უკრაძალავს ახალი ფეხბურთელების შესაძენად იმაზე მეტი ფულის დახარჯვას, ვიდრე შემოსავალი ამის საშუალებას აძლევს.
ადრე ითქვა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ჯანი ინფანტინოსთან გარიგების გზით ერთხელ უკვე მოახერხა სერიოზული სასჯელის თავიდან აცილება. ეს გარიგება იმ პერიოდს ეხება, როდესაც ფიფას პრეზიდენტი უეფას გენერალურ მდივნად მუშაობდა. თუმცა „მანჩესტერ სიტის“ ერთხელ მაინც მოუხდა ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდა. 2014 წელს კლუბი 49 მილიონი ფუნტით დაჯარიმდა.