„რეალი“-„აიაქსის“ შემდეგ თუ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კიდევ რამე გაგვაოცებდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო. ეს უკვე სენსაციის ჩარჩოებსაც სცდება და პუნქტობრივად გეტყვით, რატომ…

1. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სულ 34-ჯერ მოხდა, რომ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ორი ან მეტი ბურთით დამარცხდა. აქამდე ამ დეფიციტის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა არავის მოუხერხებია. სულშერმა შეძლო.

2. სულშერმა პარიზში მოისაკლისა: პოგბა, ლინგარდი, ერერა, მარსიალი, მატიჩი, ჯონსი, მატა, სანჩესი, ვალენსია, დარმიანი. ეს ხალხი რომ ჰყოლოდა, რა უნდოდა მოედანზე 17 წლის მეისონ გრინვუდს, რომელმაც ჟერარ პიკეს რეკორდი მოხსნა და ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად იქცა?! ისე, მეისონი რომ დაიბადა, ბუფონს იტალიის ნაკრებში უკვე 23 შეხვედრა ჰქონდა ნათამაშევი. რა უნდოდა მოედანზე 19 წლის დიოგუ დალოტს?! არადა, გადამწყვეტი პენალტი სწორედ მის დარტმას მოჰყვა. თამაშის დიდი შანსი არც 18 წლის ტაიტ ჩონგს უნდა ჰქონოდა – მას ხომ აქამდე მანჩესტერში სულ 30 წუთი ჰქონდა ნათამაშევი. ამ ბავშვებით სულშერი პარიზში ლიგის მერვედფინალში სათამაშოდ კი არა, დისნეილენდის სანახავად უნდა ჩასულიყო.

3. პირველ ნახევარში მანჩესტერელები 2:1 იგებდნენ და ბურთის ფლობა 83%-17% იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. 

4. მანჩესტერმა სულ ხუთჯერ დაარტყა პსჟ-ის კარში და ყველას გოლი მოჰყვა: ლუკაკუს გოლი, მერე რეშფორის დარტყმულზე ბუფონის შეცდომა და ისევ ლუკაკუს გოლი, ბოლოს კი გრინვუდის დარტყმა, პენალტი და რეშფორდის რეალიზაცია. სტუმრებს ამის გარდა ერთხელაც არ დაურტყამთ.

5. მატჩის 93-ე წუთამდე მარკუს რეშფორს „მანჩესტერის“ მაისურით პენალტი არასოდეს დაურტყამს. ამჯერად სხვა გამოსავალი არ იყო და დაარტყა.

6. ეს მანჩესტერელთა ზედიზედ მეცხრე გამარჯვებაა სტუმრად ყველა ტურნირში მას შემდეგ, რაც მწვრთნელის მოვალეობას სულშერი ასრულებს. რომ ვერ უნდა მოეგო, მაგრამ მაინც მოიგო, სწორედ მაგაშია ფეხბურთის ხიბლი. ოლე გუნარის გუნდმა ისეთივე სპექტაკლი ვერ დადგა, როგორც ერთი დღით ადრე „აიაქსმა“, მაგრამ ლიგის ისტორია და სტატისტიკა კი გადაწერა.