პარიზში, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის ბოლოს, 90+4 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა — დალოტის დარტყმული საჯარიმოში ამხტარ კიმპემბეს იდაყვში მოხვდა. ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 2:1 სტუმრების სასარგებლოდ ანუ ორი შეხვედრის ჯამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზელები გადიოდნენ — პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული.

პენალტმა, ყველაფერი შეცვალა. მარკუს რეშფორდმა გოლი შეაგდო და მეოთხედფინალში მანჩესტერელები გავიდნენ.

პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი, დაშავებული ნეიმარი შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და მატჩის შემდეგ ინსტაგრამზე გაცეცხლებული კომენტარი დადო:

„ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება. მათ VAR-თან დასვეს ოთხი ადამიანი, რომელთაც ფეხბურთის არაფერი გაეგებოდათ.

არანაირი პენალტი არ იყო! როგორ შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, როდესაც კიმპემბე ზურგით იყო ამხტარი და ბურთი მას უკნიდან მოხვდა?!

წადით, თქვენი……!”

საინტერესოა, რომ ნეიმარის შეფასებას წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელები, BT Sport-ის ექსპერტები რიო ფერდინანდი და მაიკლ ოუენიც ეთანხმებიან. კერძოდ, ფერდინანდმა თქვა:

„ჩემი აზრით ეს პენალტი არ იყო, მაგრამ ბურთისთვის ზურგის შექცევა მცველის მხრიდან ისეთი უხეში შეცდომაა, რომ ასეთ რამისთვის ისჯებიან ხოლმე”.

ოუენი: „მილიონი წელი არ ვიფიქრებ, რომ ეს პენალტი იყო. ჩემთვის და ჩვენს სტუდიაში მსხდომი ხალხისთვის ეს არ იყო პენალტი “.

„პარი სენ ჟერმენის” გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კი შეხვედრა ასე შეაფასა:

„პირველ ტაიმში მეტოქეს ორი საჩუქარი მივართვით. და მაინც, პირველ 30 წუთში შეხვედრას აბსოლუტურად ვაკონტროლებდით — ხარისხიანად ვთამაშობდით, მენტალიტეტიც საჭირო გვქონდა და მეორე წუთზე გაშვებულმა გოლმა, მიუხედავად იმისა, რომ ის აშკარად ჩვენ მიერ მეტოქისთვის მიძღვნილი საჩუქარი იყო, არ დაგვაბნია. არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით.

და ამ დროს, ყოველგვარი წინაპირობისა და შემზადების გარეშე მანჩესტერელებმა მეორე გაგვიტანეს. ალბათ, ყველამ გაიფიქრა: აი, ორი გოლი გაიტანა გუნდმა, რომელსაც არც კი შეუტევია.

ვიმეორებ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და ამიტომ შედეგი ძალიან ცინიკური გამოვიდა”.