სიონმა დინამოს წაგებული თამაში შეუტრიალა ბადრი კეთილაძის ფოტო

საბურთალოს ზედიზედ მეორე

„საბურთალომ“ ჩემპიონურად დაიწყო წლევანდელი ელიგა. ორ ტურში ორივე თამაში მოიგო. მით უმეტეს, გამოსარჩევია მეორე, „ლოკომოტივთან“  მატჩი. თუ პირველ ტაიმში რკინიგზელები კიდევ უწევდნენ წინააღმდეგობას თანაქალაქელებს, შესვენების შემდეგ მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. სამი გოლის გარდა, დიასამიძეს მეკარემ პენალტი აუღო და გიმ ძელს გაარტყა ბურთი. ძალიან აჯობა სტუმარმა მასპინძელს.

სხვათა შორის, შარშანდელი საჩემპიონო სეზონი გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მიჯრით ოთხი გამარჯვებით დაიწყო და პირველად, მე-5 ტურში სწორედ „ლოკომოტივთან“ დამარცხდა (1:2).

4 ათასი ბათუმში

ბათუმის ახალი, უეფას მეოთხე კატეგორიის 20 ათასიანი სტადიონის მშენებლობა, გაისად, სექტემბერში უნდა დასრულდეს. მანამდე კი ელიტაში დაბრუნებული ზღვისპირელები საშინაო მატჩებს ანგისას ბაზაზე ატარებენ და რაც იქ სამშაბათ საღამოს ხდებოდა, ძალიან სასიამოვნო გადმოსაცემია. „ბათუმი“ – „ტორპედოს“ თამაშს დაახლოებით 4 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ტრიბუნებზე რომ ვერ ეტეოდნენ, უამრავი ადამიანი მინდვრის გარშემო ფეხზე იდგა და მხურვალედ ქომაგობდა საკუთარ გუნდს.

თამაშის დაწყებამდე ტრიბუნა მთლად თეთრ-ლურჯ ფერებში შეიღება, რაც ერთობ ემოციური საცქერი გახლდათ. უყვართ აჭარაში ფეხბურთი და ის ახალი სტადიონიც ალალი იქნება მათზე.

აი, საკუთრივ თამაშით კი, „ტორპედომ“ აშკარად აჯობა მასპინძლებს. ქუთაისური გუნდი მართლაც გამორჩეულია ელიგაში. წლეულს ისინი უფრო „დავაჟკაცდნენ,“ ყველა ფეხბურთელმა მკაფიოდ იცის თავისი მოვალეობა. მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელიც ხომ ეტყობათ და ეტყობათ.

გარდა ამისა, „ტორპედოს“ ძალიან შთამბეჭდავი – 27 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ქართულ რეალობაში. აქედან, რიონისპირელები ელიგაში 22 შეხვედრაა აღარ დამარცხებულან და ხუთი წარმტებული მატჩი კიდევ დავით ყიფიანის სახელობის თასისაა. ბოლოს „ტორპედომ“ ჩემპიონატში შარშან, 23 ივნისს წააგო „საბურთალოსთან“ (1:2)…

ასეთი ტრიბუნით დახვდა ბათუმი ქუთაისის ტორპედოს

ვინ არის დინამოს მწვრთნელი?

„სიონს“ თავის „თამაზ სტეფანიაზე“ დიდი ხანია აღარ ეთამაშა.  სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ქვემოქართლელებიც შარშანდელ „საშინაო“ შეხვედრებს თბილისში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მინდორზე მართავდნენ.

განახლებულ სარბიელზე „სიონმა“პირველად შარშან დეკემბერში, პლეი აუტის მატჩი გამართა „გაგრასთან,“ 3:0 დაამარცხა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა (ბოლნისელებს პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდათ მინიმალური ანგარიშით).

ბოლნისელებმა ერთგვარი „დაბრუნება“ შემოგვთავზეს. აგებდნენ, მაგრამ ხასიათი გამოავლინეს და გაიმარჯვეს.

„დინამომ“ მთელი მეორე ტაიმი უმცირესობაში გაატარა. შესვენებანდე ცოტა ხნით ადრე, არბიტრმა ყრუაშვილმა, თბილისელთა კაპიტანი გუჯა რუხაია გააძევა. თუმცა, ამ ეპიზოდს მოყოლილი თერთმტმეტრიანი, ერთობ საეჭვო ჩანდა.

ცალკე სათქმელია თბილისელთა სამწვრთნელო შტაბი. მთავარი ესპანეთიდან დაბრუნებული ჩისკო იქნებაო, – ამბობდნნენ. მაგრამ, ჯერჯერობით, დინამოელებს აბსოლუტურად უცნობი ფელის ვისენტე მოძღვრავს, რომელიც ჩისკოს ჩამოჰყვა.

ლევან შენგელია კი ნელ-ნელა „დინამოს“ ლიდერად ყალიბდება. წინა შეხვედრაში დუბლი მიითვალა, ამჯერად კი ივანისენიას გაატანინა. თანაც, შესვენების შემდეგ, გუნდის კაპიტნადაც მოგვევლინა.

მე-2 ტური

ლოკომოტივი 1:3 საბურთალო, ბათუმი 0:2 ტორპედო, სიონი 2:1 დინამო, რუსთავი 0:0 ვიტ ჯორჯია, ჩიხურა 1:1 დილა

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი18115233:1038
დინამო18122429:1338
საბურთალო1887326:1831
ლოკომოტივი1893631:2730
დილა1875619:1826
სამგურალი1866617:2024
ტორპედო1839616:1818
შუქურა1837814:2516
თელავი18261012:3012
სამტრედია18241216:3410

 

მე-3 ტური

9 მარტი: ტორპედო – ლოკომოტივი

10 მარტი: დინამო – ბათუმი, საბურთალო – რუსთავი

11 მარტი: ვიტ ჯორჯია – ჩიხურა, დილა – სიონი

მეგოლეები: ვილი ისიანი, ჯაბა უგულავა  (ორივე – სიონი), ოგნიენ როლოვიჩი, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – საბურთალო), ლევან შენგელია (დინამო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 2

 

 

წილი
წინა სტატიაეს მანჩესტერ იუნაიტედია!
შემდეგი სტატიანეიმარი მსაჯებს აგინებს!
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.