სერ ალექს ფერგიუსონი და ერიკ კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედის” მოზეიმე გასახდელში ჩავიდნენ. ისინი შეუერთდნენ სიხარულისგან ჭკუაზე გადასულ ფეხბურთელებს და ოლე გუნარ სულშერს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან” სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს და საკუთარი თავის რწმენა ერთი ასად აიმაღლეს.
ინგლისური პრესა წერს, რომ ეს საფეხბურთო საღამო სამუდამოდ შევა მრავლისმნახველი კლუბის ისტორიაში. და ამის მიუხედავად სულშერი მაინც არ ამბობს, რომ დროებითი მწვრთნელის თანამდებობიდან ნამდვილ კონტრაქტზე გადავა — არადა, თითქოს მეტი რაღა უნდა ქნას ყველაფერი მკაფიოდ რომ ითქვას.
შეგახსენებთ: პირველ შეხვედრაში, „ოლდ ტრეფორდზე”, პარიზელებმა მანჩესტერელებს 2:0 აჯობეს და დაიწყო ძველი ლაპარაკი, რომ „იუნაიტედის” ბოლოდროინდელი წარმატებები მარტო ინგლისში ჩანს და ხმაურობს, თორემ ევროპაში სულშერის გუნდის წარმატება გამორიცხულია; მაგრამ, აი, დადგა საპასუხო შეხვედრის დღე და მანჩესტერელებმა პარიზში — რომელზე მეტი ევროპის მოძებნა ნებისმიერი გაგებით ძნელია — 3:1 მოიგეს. ამრიგად, ორი შეხვედრის ჯამში გამოვიდა 3:3 და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მეოთხედფინალში „იუნაიტედი” გავიდა.
პარიზული სიგიჟე და დრამატიზმი ერთიასად გააძლიერა იმ გარემოებამ, რომ სტუმრებმა მესამე, გადამწყვეტი გოლი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთებში გაიტანეს. ეს იყო პენალტი, რომელიც ვიდეოარბიტრმა ხელით თამაშისთვის დანიშნა: დიეგო დალოტის დარტყმული საჯარიმოში ამხტარ პრესნელ კიმპემბეს ოდნავ გაწეულ ხელში, უფრო სწორად იდაყვში მოხვდა. თავად ინგლისში წერენ, რომ ასეთი პენალტი ზოგს შეიძლება არც დაენიშნა, მაგრამ ფაქტია — ამ შემთხვევაში დაინიშნა და მარკუს რეშფორდმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
და რასაკვირველია, ყველას გაახსენდა 1999 წლის გათამაშების ფინალი, როდესაც ტედი შერინგემმა და თავად სულშერმა მსაჯის წამატებულ წუთებში „ბაიერნს” გამარჯვების გოლები გაუტანეს. აქედან მსუბუქი ხუმრობის მოშველიებით შემდეგი დასკვნა გამოდის: როდესაც სტადიონზე ფერგიუსონი და სულშერი არიან, „იუნაიტედის” მეტოქეთათვის დამატებითი დრო განსაკუთრებით სახიფათოა.
მატჩის შემდეგ სულშერმა beIN SPORTS-ს უთხრა: „თამაშის შემდეგ ბოსი გასახდელში შემოვიდა. ასეთი რამ იმ, ძველი დროის შემდეგ პირველად მოხდა და დიდებული გრძნობა დამეუფლა.
ბიჭებმა ჯადოსნურად ითამაშეს.
მე ზაფხულამდე ჩემსას ბოლომდე გავაკეთებ და მერე ვნახოთ, კლუბი რას გადაწყვეტს.
დღეს კი ნამდვილი „მანჩესტერ იუნაიტედის” სული გამახსენდა”.
შემდეგ ნორვეგიელს მატჩისწინა განწყობაზე ჰკითხეს. „იუნაიტედს” ხომ 0:2 უნდა შემოეტრიალებინა, თან შინ წაგებული.
„ჩვენთვის, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, ჩამორჩენილის მდგომარეობაში ყოფნა ჩვეული ამბავი არ არის, მაგრამ დღეს გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს და მათთვის იმ შეგრძნების გამოცდა, როდესაც მოედანზე გადიხარ და დასაკარგი არაფერი გაქვს, სასარგებლო იყო.
ჩვენ ვთქვით, რომ უნდა გავსულიყავით და ჩვენი თავი გვეჩვენებინა.
ვიცი, თავი იმაზე მეტად დავიცავით, ვიდრე ჩვეულებრივ ვაკეთებთ ხოლმე და იმაზე მეტიც ვირბინეთ, ვიდრე ჩვეულებრივ დავრბივართ, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ საგოლე მომენტები გვექნებოდა და ისინი უნდა გამოგვეყენებინა.
ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ დიდი შემოტრიალებები ხდება. გუშინ, ეს მოხდა „რეალისა” და „აიაქსის” შეხვედრაში, შარშან „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში, უფრო ადრე „პარი სენ ჟერმენისა” და „ბარსელონას” დაპირისპირებაში. გუნდის შეკრებაზეც სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით. ყველაფერი შესაძლებელია.
ეს „მანჩესტერ იუნაიტედია!”