ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ერთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს მიანიჭა. ამრიგად, წლეულს, 2019 წლის 8-16 ივნისს, 12 გუნდიან შეჯიბრებას თბილისი უმასპინძლებს.
ხსფ-ს ერთა ჩემპიონატი მასში მონაწილე 6 ევროპული გუნდისთვის ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებაც იქნება. ეს გუნდებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, მალტა და საქართველო. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, ფლეი-ოფის საგზურს მიიღებს.
ევროპული გუნდების გარდა თბილისში ჩამოვლენ ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, კოლუმბია და კიდევ ორი, რომელთა ვინაობა დღეისათვის გარკვეული არ არის. ერთი მათგანი ეგრეთწოდებულ „ვაილდ ქარდს” (პერსონალურ მიწვევას) მიიღებს, მეორე კი 2019 წლის ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული იქნება.
კოლუმბია სამხრეთი ამერიკის ზონალური ტურნირის გამარჯვებული გახლავთ.
შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, რომლის 2-2 გამარჯვებული პირველობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს.
იმედია, საქართველოს ნაკრებს მშობლიურ კედლებში გულშემატკივრობა არ მოკლდება.