ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი ტურნირია, სადაც მადრიდის „რეალს“ გამარჯვების შანსი კიდევ აქვს. „აიაქსთან“ საპასუხო მატჩს სანტიაგო სოლარის გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით ხვდება, თუმცა „სამეფო კლუბი“ საუკეთესო ფორმაში არ არის: წინა კვირაში „რეალმა“ ორჯერ წააგო „ბარსელონასთან“ – ორივეჯერ საკუთარ მოედანზე და თან ისე, რომ ერთი ბურთის გატანაც ვერ მოახერხა.
ამ ყველაფერს სერხიო რამოსის დისკვალიფიკაციაც დაემატა. „რეალის“ კაპიტანი იმაში დაადანაშაულეს, რომ „აიაქსთან“ პირველ შეხვედრაში გაფრთხილება განზრახ მიიღო.
სანტიაგო სოლარი, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი: სერხიო რამოსი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის ლიდერია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ სერხიო გუნდის განუყოფელი ნაწილია. ის ჩვენთან ერთად იქნება.
„ბარსელონასთან“ ორი მარცხის შემდეგ, რამაც „რეალს“ ჩემპიონატსა და თასზე გამარჯვების შანსები დაუკარგა, გამორჩეული კრიტიკა მადრიდელთა უელსელ ფორვარდ გარეთ ბეილის დაატყდა თავს. „ბარსელონასთან“ მეორე შეხვედრაში, როდესაც სოლარიმ ბეილი შეცვალა, ტრიბუნებიდან უელსელს დაუსტვინეს. გულშემატკივართა ამ ქცევას ბეილის აგენტმა სამარცხვინო უწოდა.
თუკი „რეალის“ სიტუაცია რთულია, „დორტმუნდის“ მდგომარეობას კატასტროფული შეგვიძლია ვუწოდოთ. ლიიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა დორტმუნდელთა განადგურებით დასრულდა. „ტოტენჰემმა“ ლონდონში რომან ბიურკის კარში სამი უპასუხო ბურთი შეაგდო.