2 მარტს აბერდინში საფეხბურთო ასოციაციათა საბჭო შეიკრიბა, რომელსაც ერთადერთს ხელეწიფება ფეხბურთის თამაშის წესების შეცვლა. სულ ცვლილება 7 წესს შეეხო და გუნდები, რომლებიც პირველ ივლისამდე ვერ გაითავისებენ ამ ცვლილებებს, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
1. ხელით შეხება ბურთზე , თუ ამას გოლი ან საგოლე მომენტი მოჰყვა, ჯარიმაა განზრახ შეხების ან შემთხვევითობის მიუხედავად. აქამდე მხოლოდ განზრახ თამაში ისჯებოდა და ინტერპრეტაცია მთლიანად არბიტრზე იყო.
2. შეცვლილმა ფეხბურთელმა მოედანი უნდა დატოვოს იმ კიდიდან, რომელიც შეცვლის მომენტში მასთან ყველაზე ახლოსაა. ამით შემცირდება განზრახ დროის გაყვანის ფაქტები.
3. შემტევებს ეკრძალებათ ცოცხალ კედელში დამცველთა გუნდის გვერდიგვერდ ჩადგომა. დისტანცია, სულ მცირე, ერთი მეტრი უნდა იყოს. ამავე დროს შეუძლიათ, დისტანციის დაცვით, ჯარიმის დამრტყმელსა და დამცველთა ცოცხალ კედელს შორის ჩააყენონ საკუთარი ცოცხალი კედელი.
4. კარიდან დარტყმისას აღარ არის სავალდებულო, მინდვრის მოთამაშის შეხებამდე ბურთმა დატოვოს საჯარიმო მოედნის ფარგლები.
5. პენალტის დარტყმისას მეკარეს უფლება აქვს, კარის ხაზს მხოლოდ ერთი ფეხით ეხებოდეს.
6. ყვითელი და წითელი ბარათის ჩვენება და მატჩის მსვლელობისას მწვრთნელის ტრიბუნაზე გასტუმრება არბიტრს შეუძლია შესაბამისი ჟესტიკულაციით და სიტყვიერი განმარტებით.
7. არბიტრზე ბურთის მოხვედრის შემთხვევაში თამაში აღარ გრძელდება და ინიშნება სადავო გათამაშება.
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიესალმა ცვლილებებს და ხაზი გაუსვა წინა ცვლილების ეფექტურობას, რომელიც ვიდეოარბიტრის შემოღებას ეხებოდა.