ვინ იფიქრებდა რომ, მიწის საიჯარო გადასახადის გამო ატეხილი დავა, ასეთ საყოველთაო ხმაურში გადაიზრდებოდა, ხმაურში, რომელმაც ორად გაყო ინგლისური საპორტო ქალაქი ლივერპული და აგერ, უკვე მესამე საუკუნეა გრძელდება.
საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“კომიტეტის წევრებსა და კლუბის პრეზიდენტ ჯონ ჰოლდინგს შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ 1892 წელს მეორე კლუბი შვა ქალაქში, რომელსაც უბრალოდ ლივერპული ეწოდა და დაიწყო…
ინგრეოდა ოჯახები, ნათესავები ერთმანეთს კარგავდნენ, ერთ დროს კარგი მეგობრები სამკვდრო სასიცოცხლოდ ეკიდებოდნენ ერთმანეთს… ყოფილა შემთხვევა, მამებს შვილები მემკვიდრეობის გარეშე დაუტოვებიათ, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ქალაქის სხვადასხვა საფებურთო ბანაკში აღმოჩენილან. ერთხელ მავანმა „წითელმა“ კლერკმა ქორწინებაც კი ჩაშალა, რაკიღა სატრფოს მშობლებთან მისულმა ლურჯი ფერის სიჭარბე შენიშნა…
მერსისაიდული დერბი ყოველთვის უკომპრომისო და დაძაბულია, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ პოზიციაზე არიან გუნდები სატურნირო ცხრილში – ომია და მორჩა, ყოველთვის ომობენ. აკი, პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი წითელი ბარათი (21) სწორედ ამათ დაპირისპირებისას ამოუღიათ მსაჯებს. აქვე ვთქვათ, რომ დღევანდელ დაპირისპირებას სწორედ ის მარტინ ატკინსონი განსჯის, ვინც აქამდე ხუთჯერ გაძღოლია ლივერპულურ ჯახს და ამ ცხრა წლის წინ სულაც ათი კაცით დაუტოვებია ლურჯები.
დერბის წინ ყოველთვის დიდი ომია ქომაგთა შორისაც, ეგაა, ტექნოლოგიურმა ევოლუციამ ეს პროცესი სოციალურ ქსელში გადაიტანა და მატჩის წინ ყოველთვის დიდი ვნებათაღელვაა ხოლმე. „ლივერპული“ გაცილებით პოპულარულია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 350 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის „ევერტონის“ ფანობას სრულფასოვანი „სოციალური ომი აწარმოოს“.
– მარკო სილვა და მისი ფეხბურთელები თუ ხვდებიან, რა გვსურს ფანებს, მაშინ მათგან ბინძურ თამაშს და უსაშინლეს სანახაობას უნდა ველოდოთ.ეს ნამდვილი ფესტივალი იქნება. მინდა „ევერტონმა“ სულით ითამაშოს-წერს „კანფეტების“ერთ-ერთი სტაჟიანი ფანი.
– დალეწეთ ისინი, თუკი ქვეყნად სამართალი არსებობს, „ევერტონმა“ ხელი უნდა შეუშალოს „ლივერპულს“ ტიტულის მოგებაში-ამბობს მეორე.
– ეს არ არის სიურპრიზი – ყველა „ლივერპულის“ წინააღმდეგაა. განსაკუთრებულად კი „ევერტონი“. ისინი ბინძურად ითამაშებენ, მაგრამ, მჯერა რომ მოვიგებთ. მოდით გავაკეთოთ ეს ჩემო წითლებო – ეს კი ჰონგკონგელი სქაუზერის მოწოდებაა.
ქართველ სქაუზერთა პათოსს კარგად ასახავს, ახალგაზრდა ბლოგერის, ირაკლი ძიძიგურის მოსაზრება
– 29 წლიანი პაუზის შემდეგ, „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონობას უმიზნებს. ამ 29 წელიწადში გუნდმა ყველაფერი მოიგო ამ ტიტულის გარდა. დროა, დასრულდეს ეს გაუთავებელი უიღბლობა, ერთგვარ წყევლასავით რომ ექცათ წითლებს. საამისოდ კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს გამარჯვება. მე არ ველოდები პირველ პრემიერლიგას – მე „ლივერპულის“ მეცხრამეტედ გაჩემპიონებას ველი. მომავალი წელი? არანაირად, სწორედ ესაა „ლივერპულის“ წელი…