შაბათს, „ვესტ ჰემი“ – „ნიუკასლის“ მატჩის დაწყების წინ, ლონდონის ოლიმპიური სტადიონის აღმოსავლეთ ნაწილში, „ჩაქუჩების“ ლეგენდის, ბილი ბონდსის სტენდი გაიხსნება. ის კლუბის მესამე ფეხბურთელია, ბობი მურისა და სერ ტრევორ ბრუკინგის შემდეგ, ვისაც ასეთი პატივი ერგო. „ბონზო“ (ასეთი მეტსახელი აქვს) „ვესტ ჰემში“ 21 წელიწადს ირჯებოდა, კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 799 მატჩი ჩაატარა და კარიერა 41 წლისამ დაასრულა. შეუპოვარი, მებრძოლი ფეხბურთელი იყო, ნაღდი კაპიტანი. სამკლვური თვით ბობი მურისგან მიიღო და ამით ძალიან ამაყობს.

ბონდსი იმ „ვესტ ჰემის“ კაპიტანი გახლდათ, რომელიც 1981 წლის გაზაფხულზე, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში თბილისის „დინამომ“ გაანადგურა. ახლა ისინი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილიც არიან. მათი გვარების გაგებისას ისევე შეგვიტოკდება ხომე რაღაც გულში, როგორც დინამოელთა ხსენებისას. ალბათ იმიტომ, რომ „დინამოს“ ევროტრიუმფის „შემოქმედნი“ ისინიც არიან. მათ დააჯერეს ქართველი ფეხბურთელები უკვე აღარარსებულ „აპტონ პარკზე“ საკუთარ უძლეველობაში.

მაშინ ლონდონელთა შემადგენლობა ზეპირად ვიცოდით. ამქვეყნიური ადამიანები არც გვეგონენ: ბონდსი, ბრუკინგი, მამა ლამპარდი (ფრენკი ამ დროს, მხოლოდ სამი წლის იყო)…

რამდენი დრო გასულა. ბონდსი ახლა 72 წლისაა, თუმცა ყოჩაღად გამოიყურება. სტენდის გახსნის წინ, ცოტა უნერვიულია და Daily Mail-სთვის რაღაც რაღაცეები მოუყოლია. აი, მცირე ამონარიდები.

„მამაჩემთან ერთად ფანჯრების მწმენდავი ვიყავი ყმაწვილობაში და მისი დიდი მადლობელი ვარ, 16 წლისას რომ მითხრა: გეყოფა დროის კარგვა, შენი საქმე ფეხბურთიაო. ნეტავ ახლა ხედავდეს ამ სტენდს, უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა.“

„70-იანებში, მწვრთნელმა რონ გრინვუდმა, გუნდში სამეჯლისო ცეკვების ჩემპიონი, ლენი ჰეპელო მოიყვანა, მისი გაკვეთილები ფეხბურთელებს კოორდინაციას გაუუმჯობესებსო. ყველას საკუთარი მიდგომა აქვს. ზოგს კარატეს სპეციალისტი მოჰყავს, ზოგს კიდევ ვისი. მოკლედ, ექსპერიმენტი იმით დამთავრდა, რომ ოთხ მოთამაშეს საზარდული საოპერაციო გაუხდა.“

„მამაჩემი დღისით ფანჯრებს წმენდდა, ღამით ავტობუსების გარაჟში მუშაობდა. ვფიქრობ ხოლმე, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ სპორტი ავირჩიე. მართალია, მაშინ სხვა დრო იყო. როცა კლუბში მივედი, კვირაში 70 გირვანქას მიხდიდნენ. ახლა 19-20 წლის ბიჭები მულტიმილიონერები არიან, მათ მეტად გაუმართლათ. მაგრამ არ მშურს მათი.“

ბონდის დროს, ფეხბურთელების საშუალო ჯამაგირი კვირაში 300 გირვანქა იყო. ახლა, „ვესტ ჰემის“ ავსტრიელ შემტევ მარკო არნაუტოვიჩს, ამ თანხის გამოსამუშავებლად მხოლოდ 22 წუთი დასჭირდება.

არ მშურსო, ამბობს კეთილი ბაბუ.