პირველი სიტყვა ჭირს, პირველი ფრაზა, რომლის შემდეგაც ყველაფერი წარსულ დროში უნდა ითქვას. განა არ წასულან, მაგრამ თითქოს რაღაც ზღვარი გვაქვსო დათქმული, თავს ვინუგეშებთ ხოლმე – რაღაც მაინც ხომ მოასწროო.
მოასწრო კი არა, ხეირიანად ვერც დაიწყო. ის ბიჭი იყო, ვის გამოც ხალხი „დინამოს“ დუბლების შეხვედრებზე დადიოდა, მერე კი…
მამუკა ფანცულაიას გამო ილიკო სუხიშვილმა და ნოდარ ახალკაცმა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენესო – თბილისური ლეგენდაა, თუმცა ფაქტია, რომ ორივეს საკუთარი ანსამბლის მომავალ სოლისტად მიაჩნდა.
მოგვიანებით გავიცანი. ის საფეხბურთო კარიერას ასრულებდა, მე კი ჟურნალისტობას მხოლოდ ვიწყებდი. 1997 წელს „ბენდელას თასის“ შემდეგ ბენდელიანების ოჯახში გაშლილ სუფრასთან გვერდიგვერდ მოვხვდით. ბევრის თქმა მოვასწარით, არ ვიყავით წინასწარ შეთანხმებულები და იმ საუბარს ინტერვიუს სახე ვერ მივეცი.
ახლა მინდა დავწერო. აბა, როდისღა?!
– რას აპირებ, რჩები ფეხბურთში?
– არ ვიცი. თითქოს ნაძალადევია ყველაფერი. გული მოედნისკენ თუ არ მიგიწევს, თამაშს რა აზრი აქვს?! უბრალოდ, ყველაზე უკეთესად ეგ გამომდის და შემოვრჩი…
– რატომ, ცეკვა? აკი, ილიკო სუხიშვილი სოლისტად ამზადებდაო?!
– დღეს არც მოცეკვავეებს ულხინთ, არადა, სულ სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი.
– შენ თაობაში ულაპარაკო პირველი ნომერი იყავი. რამე დააკელი ფეხბურთს, თუ ფეხბურთმა დაგაკლო ყურადღება?
– ორივე. ისეთ დროში მოგვიწია ცხივრებამ, ჩემი თაობიდან ბევრი ბიჭი დაიკარგა უკვალოდ…
– ქეცბაია?
– თემოს არ ეწყინოს და, რაიონიდან ჩამოყვანილი ბიჭი სკოლა-ინტერნატში დღედაღამ ბურთს რომ დასდევდა, ის დაუფასდა. მე კი, ფეხბურთთან ერთად თბილისელობაც მინდოდა, საძმაკაცოც, გართობაც და ამ ყველაფერს ერთად ვერ გავწვდი. იმიტომაც თამაშობს ახლა ქეცბაია „ნიუკასლში“ და მე – ზუგდიდის „ოდიშში“…
– არ გიცდია საზღვარგარეთ წასვლა? თუნდაც იგივე რუსეთში, სადაც ჯერაც ბევრს ახსოვს ბურთთან მოცეკვავე მამუკა ფანცულაია…
– ემოციების ადამიანი ვარ. თუ ავვარდი, 100 პროცენტით დავიხარჯები, თუ არა და ეგრევე, ერთ წამში შემიძლია ხელის ჩაქნევა.
– დამრიგებელი? უფროსი მეგობარი? დავიჯერო, გაკლდა?!
– ერთზე თავს დავდებ: ქართულ ფეხბურთში ოთარ გაბელიაზე წესიერი და მაგარი კაცი არ მეგულება. ბედნიერი ვარ, რომ უფროს მეგობრად მეგულება. ყველაზე ცუდ წლებში ყოფილა შემთხვევა, საერთოდ ცარიელზე დარჩენილა, მაგრამ თხოვნით არავისთან მისულა. ჰქონია – დამხმარებია. მქონია – დავხმარებივარ. ეგეც ჩემსავით ემოციების კაცია და იმიტომ მიყვარს.
– ფეხბურთელობაზე გულაცრუებული ხარ აშკარად. თამაშს რომ მორჩები, მწვრთნელობას დაიწყებ?
– როგორ დავიწყო სანამ ასეთი სიტუაციაა? მოვატყუო ბავშვები? როგორ ვუთხრა, ნაკრებშიც მოხვდები, ევროპაზეც ითამაშებ, მაგრამ წლიურად 5000 დოლარი გექნება მეთქი? სწორად გამიგე: ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ოჯახზე მეტად ნამდვილად არა. მეგობრებიც მიყვარს, ადამიანების დახმარებაც და რომ ვერ ვწვდები ამ ყველაფერს, გული მწყდება. ეტყობა, რაღაც დავაკელი, მაგრამ რაღა დროს ჩემი გამოსწორებაა. რაცა ვარ, ესა ვარ…