პრემირლიგის „ლესტერს“ ბრენდან როჯერსი გაწვრთნის. 46 წლის ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გაუფორმეს. ჯამაგირად კი წელიწადში 5,5 მილიონი გირვანქა დაუნიშნეს. ის მუშაობას შემდეგი ტურიდან, „უოტფორდთან“ შეხვედრით დაიწყებს. ამჯერად კი ტრიბუნაზე იჯდა და მომავალ შეგირდებს უცქერდა.
მისმა გამოჩენამ „კინგ პაუერის“ სტადიონზე, მასპინძელ ქომაგებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ როჯერსი „ლივერპულიდან“ 2015 წელს დაითხოვეს, ცუდი შედეგების გამო. შემდეგ ის „სელტიკში“ მუშაობდა, სადაც ქვეყნის ყველა ტიტული რამდენჯერმე მოიგო.
როგორც ჩანს, დიდი ფეხბურთი მოენატრა და „მელიების“ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა. ბიჭებმაც არ დააღალატეს, გრეისა და ვარდის გოლებით „ბრაიტონს“ 2:1 მოუგეს. შეგახსენებთ, რომ „მელიების“ ხელმძღვანელობამ, 24 თებერვალს, თანამდებობიდან ფრანგი სპეციალისტი, კლოდ პიუელი დაითხოვა. „ლესტერს“ 1 იანვრის შემდეგ აღარ მოეგო.
საინტერესოა, რომ ორი წლის წინათ, მაშინაც თებერვალში, „ლესტერში“ ლეგენდარული მწვრთნელი გაათავისუფლეს – კლუბი იტალიელ კლაუდიო რანიერის დაემშვიდობა. ადამიანს, რომელმაც ისტორიული ტიტული მოაპოვებინა „მელიებს.“
ამ გაყრას არც ერთი მხარსთვის მოუტანია სიკეთე. „ლესტერი“ ისევ ჩვეულებრივ, შუათანა გუნდად გადაიქცა და კიდევ ორი დამრიგებელი დაითხოვა, კრეიგ შექსპირი და პიუელი. რანიერი კი „ნანტში“ დიდ ხანს ვერ გაჩერდა და ახლაც „ფულემში“ გაგდებაზე აქვს საქმე. სხვათა შორის, ორ კვირაში კლაუდიო ლესტერს ეწვევა თავისი გუნდით.
ლესტერელებს ძალიან მძიმე სეზონი აქვთ. ჯერ იყო და პრეზიდენტი ვიჩაი შრივადჰანაპრაბჰა დაეღუპათ, მისი ვერტმფრენი სტადიონის პარკინგთან ჩამოვარდა. მერე თამაშიც ვერ ააწყვეს. პრემიერლიგის ბოლო რვა ტურში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. გავარდნენ ქვეყნის ორივე თასიდან. პიუელს რამდენიმე მოთამაშესთან გაუგებარი ურთიერთობები ჰქონდა და მისი გადადგომაც ამ ისტორიის ლოგიკური დასასრული გახლდათ.
პიუელის შემცვლელებზე საუბარი იანვრიდან დაიწყო. ასახელებდნენ ლეონარდუ ჟარდიმს, მაგრამ პორტუგალიელმა ისევ „მონაკო“ ამჯობინა. კანდიდათა შორის იყვნენ როჯერსი, „ნიუკასლის“ თავკაცი რაფა ბენიტესი და ბელგიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი. ყველა დაკავებული იყო და სეზონის ბოლომდე უნდა მოეცადათ. თუმც, 6 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ ჩრდილოირლანდიელთან საქმე მალევე მოგვარდა, როჯერსს აშკარად მოსწყინდა შოტლანდიაში.
რამდენიმე წლის წინ ბრენდანის „ლივერპულს“ სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე (გახსოვთ სტივენ ჯის ფეხის დაცდენა?!). ახლა „ლესტერის“ ქომაგები იმედოვნებენ, რომ როჯერსი რანიერის მიღწევას გაიმეორებს და „მელიებს“ პრემიერლიგის ელიტაში დააბრუნებს.