ვინმეს გსმენიათ კაი მაკენზი-ლაილის შესახებ?
ეს ბიჭი ლონდონში დაიბადა და გაიზარდა, „ტოტენჰემის“ აკადემიაში ვარჯიშობდა და ინგლისის მეოთხე ლიგის „ბარნეტში“ მოხვდა. მისი კარიერა, შესაძლოა, ერთობ უფერულად წარმართულიყო, რომ არა აგენტი ჯეკ ტორპი.
მენეჯერობაში არც თუ სახელოვანი, მაგრამ თავისი საქმის ფანატი ტორპი ფეხბურთელების სოცქსელებშიც დაძვრება ხოლმე. იქ კი აღმოაჩინა, რომ მაკენზის გაიანური ფესვები აქვს და დაიწყო…
გაიანას ნაკრები ფიფას რეიტინგში 177-ე არის, მაგრამ ნაკრებია, ორმეტრიან და „ტოტენჰემის“ სკოლაგამოვლილ მეკარეს კი გაიანას ყველა ქუჩაზე ვერ იპოვი. ტორპი გაიანელთა ნაკრების კაპიტან სემ კოკსს დაუკავშირდა და…
მაკენზის ნაკრებში უხმეს. სადებიუტო მატჩი სურინამთან ჰქონდა. ბოლო წუთზე მეკარე მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და გოლიც უთავაზა. აგენტსაც მეტი რა უნდოდა?! ჯეკ ტორპმა 17 წლის მეკარე, რომელმაც სადებიუტო სანაკრებო შეხვედრაში გოლი გაიტანა, ერთბაშად რამდენიმე გრანდს შესთავაზა. შედეგად, კაი მაკენზი-ლაილი დღეს „ლივერპულის“ ახალგაზრდული გუნდის მეკარეა და უკვე პრემიერლიგურ შანსს ელის.
ჯეკ ტორპმა მისი ოცნებაც რომ ვერ გასწვდებოდა, ისეთ რეალობამდე გზა 1 წელიწადში გაატარა. მაკენზი შანსს ხელიდან არ გაუშვებს, ჯეკ ტორპს კი მსურველთა რიგი უდგას – შვილებს მიგვიხედეო.
ყველა საქმეს ცოდნა უნდა, თან სიყვარული. მწვერვალზე მხოლოდ იდეით შეპყრობილები ადიან. ერთ მშვენიერ დღეს კაი მაკენზი-ლაილი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოვა და მაშინ ჯეკ ტორპს ერთხელაც შეგახსენებთ – საკუთარი საქმის ფანს ინგლისის მეოთხე დივიზიონიდან.