ჩოგბურთის ისტორიას ბევრი ლეგენდა ჰყავს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა ფიზიკური მოთხოვნები, ფსიქოლოგიური დატვირთვები და სატურნირო გრაფიკის სიმჭიდროვე ზღვარს გადასცდა, ლეგენდების ადგილი მოქმედმა მეჩოგნეებმა დაიკავეს.

ვისაც არ ეზარება, ყველა ჩოგბურთის ექსპერტობაზე დებს თავს, მაგრამ Tennis world USA ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტს დაეკითხა.

„კოღო“-იგივე ხუან კარლოს ფერერო იმ ეპოქის ჩოგბურთელია, ფიზმომზადებაზე მეტად ტექნიკა რომ ფასობდა და აკი, ამ გაწვნიკულმა ბიჭმა მსოფლიოს პირველჩოგნობაც მოასწრო.

რას ფიქრობს ის უკვე ლეგენდად ქცეულ სამეულზე?

„ნოვაკმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სწორუპოვარი უნივერსალია, მაგრამ რასაც რაფა თიხნარზე და როჯერი ბალახზე სჩადიან, წარმოუდგენელია“.

ფერერო არც მალავს, რომ ფედერერის ფანია და ეს მიუხედავად მისი ესპანელობისა და თიხნარისადმი მიდრეკილებისა: „როჯერმა 40-ს მიუკაკუნა, მაგრამ მშვენივრად უვლის საკუთარ სხეულს. მას აქვს ფუფუნება, შეღავათიანი გრაფიკით იასპარეზოს და ამიტომაც ვიტოვებთ იმედს, რომ სულ მცირე, ორ უიმბლდონზე კიდევ ვიხილავთ”.

ეს რაც ფერეროს პოზიციას შეეხებოდა და ბარემ ვიტყვით: როჯერი მხოლოდ იმ ტურნირებში მონაწილეობს, სადაც საპრიზო თანხის მიუხედავად, მისი ჰონორარი შვიდნიშნა ციფრებში გამოისახება. წელს, ყველას გასაოცრად, ფედერერმა რამდენიმე სათიხნარო ტურნირი შეარჩია, რომელთაგან პირველი მადრიდის „მასტერსია“.

როჯერი უკვე ლეგენდაა, მაგრამ ამავე დროს როჯერი ყველაზე გაყიდვადი სახეცაა ჩოგბურთის სამყაროში. ასეთ დროს ზუსტ ბალანსს და დროულად წასვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კოღო“ ამბობს, კიდევ ორ უიმბლდონს გასწვდებაო. რა უფლება გვაქვს, არ ვენდოთ. როჯერი ამჟამად ATP რეიტინგში მეშვიდეა.