20 თებერვალს ლეგენდარულ ვიმ ვან ჰანეგემს 75 წელი შეუსრულდა. ყოჩაღი მოხუცია. გოლფს თამაშობს, მანქანით მოგზაურობს და ნათელ, არაორდინალურ აზროვნებას ინარჩუნებს. მანქანაში რადიოს უსმენს. ეს რადიო BNR-ია, მხოლოდ ახალი ამბების არხი.
„მე ახალ ამბებს ვუსმენ და არა ადამიანებს. ჩვენს დროში მავანნი ისე გაიწაფნენ რადიო-ტელევიზორებში საუბარში, რომ ტაქტი სულ დაკარგეს და სხვებს ფიქრს აღარ აცლიან. არ მინდა ბუზღუნა ბებრად გამოვჩნდე, მაგრამ, გარწმუნებთ, ადრე მეტი შესაძლებლობა გვქონდა ერთმანეთისთვის რაღაც აგვეხსნა,“ – ამბობს ვიმი.
ის რადიოს უსმენდა მაშინაც, როცა გამოაცხადეს იოჰან კრუიფს ფილტვის კიბო აქვსო.
კრუიფი მთავარი კაცი იყო იმ თაობაში. ვიმი – ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი. სწორედ ვიმის პასით გაიტანა კრუიფმა პირველი გოლი 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
„ფეიენოორდში“ თამაშისას, კრუიფი ყოველდღე სთხოვდა ვიმს სიგარეტს და იქამდე შეაღონა თავისი წუწკობით, რომ ერთხელაც ვიმმა ათი კოლოფი უყიდა.
მაშინ რადიოს გამოცხადებულს ვიმმა, ცხადია, არ დაუჯერა.
ჰოლანდიაში ფეხბურთის ორი მიმდინარეობა არსებობდა. ერთი მიხელსის, აიაქსური, მეორე – ვილ კურვერის ფეიენოორდული, რომელიც ერნსტ ჰაპელის ფილოსოფიას ეყრდნობოდა. პირველი, ფეხბურთელის თავისუფლებას ღაღადებდა გუნდურ თამაშში, მეორე – ინდივიდუალური აზროვნების არასტანდარტულობას მკაცრი სათამაშო დისციპლინის ფარგლებში.
ეს მეთოდები პარალელურად არსებობდა და წყალგამყოფი 1974 წელი გახდა, როცა ჰოლანდიის ნაკრებმა გერმანულ მონდიალზე, ამსტერდამული სტილით მოიპოვა ვერცხლის მედლები და მთელი „ტიტების ქვეყანა“ გადაირია ამ მიმართულებაზე.
ძირძველ ფეიენოორდელ ვან ჰანეგემს, ახლა, ცხადია, არ მოსწონს პეპ გვარდიოლას სტილი, რომელიც იუჰან კრუიფის ყველზე ნიჭიერი მოწაფე გამოდგა. ამიტომ პრემიერლიგის საჩემპიონო ბრძოლაში ლივერპულს გულშემატკივრობს. თუმცა, იმასაც ხედავს, რომ მერსისაიდელები შორს არიან იდეალისგან:
„პეპ, ეს, პეპ, ის… რა თქმა უნდა, მინდა „სიტი“ კი არა, „ლივერპული“ გახდეს ჩემპიონი. მაგრამ, ნახეთ, რას სჩადიან: ფირმინო იშვიათად ამწვავებს თამაშს, მანეს ავიწყდება, რომ მარცხენა თავდამსხმელია, სალაჰი სამჯერ შემოუვლის გვერდიდან და ჩააწოდებს საჯარომოში, სადაც არავინ არის მისი პარტნიორებიდან. მიდი და შენს პოზიციაზე ითამაშე,“ – ბრაზობს მოხუცი.
75 წლისა, როცა ბევრი მისი ტოლი ცხოვრების მარადიულობის საიდუმლოს იჯერებს, ვან ჰანეგემი ისევ შეუვალია: „არასოდეს მჯეროდა ეგეთების, მაშინაც კი როცა ქრისტიანულ სკოლაში ვსწავლობდი. მსოფლიოში იმდენი საშინელება ხდება, რომ არ მჯერა თითქოს ვიღაც ზის ზევით და ამ ყველაფერს დასაშვებს ხდის,“ – ამბობს ვიმი.