ბოლო ათი დღეა, „იესპიენის“ ტელეარხებზე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს გადმოსცემენ. ბრაზილიასა და არგენტინაში ახლა ორ ჩემპიონატს შორის შესვენებაა და კლუბების სხვადასხვა ტურნირებში ჩაბმულან: ბრაზილიაში ლიგა პაულისტა და რიოს პირველობა ტარდება, არგენტინაში „ტორნეო სიუდად დე მენდოსა“ და სხვა.
ამ თამაშების ცქერისას ის ლაპარაკი გამახსენდა, ჩვენი ჩემპიონატის კალენდრის გამო რომაა ატეხილი. თავად წამიკითხავს და მომისმენია, ჩვენი ჟურნალისტები და ქომაგები ოპტიმალურ ვარიანტად ათგუნდიან სქოთურ ვარიანტს თვლიან, რომლის დროსაც გუნდები 4-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს.
ეს მართლაც ოპტიმალური ვარიანტია, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, მაგრამ განა ჩვენ და ჩვენი ფეხბურთი ახლო ვართ მეცნიერებასთან. ევროპულ ქვეყნებში ეროვნული ჩემპიონატები ლამის 100-100 წელიწადია მიმდინარეობს. აქ საქმე, სხვამ რომ არაფერმა, დრომ და ისტორიამაც მოაწესრიგა, ბრაზილიაში კი პირველი ეროვნული ჩემპიონატი, მგონი, 20 წლის წინ ჩატარდა. მანამდე ქვეყანა რეგიონალური ტურნირებით არსებობდა.
ლიგა პაულისტას თამაშს რომ ვუყურებდი დიდ „პალმეირასსა“ და პატარა „სან ჟოზეს“ შორის, მივხვდი: რეგიონალურ ჩემპიონატს თავისი ხიბლი აქვს და დაბალი და მაღალი ლიგის გუნდები თანაბრდებიან კიდეც.
ამასთან დაკვშირებით კი ერთი ჩვენებური სეზონის უტოპიური მოდელი უნდა შემოგთავაზოთ, რომელსაც სამხრეთამერიკელებს დავესესხე.
მთავარი ის არის, რომ საქართველოში 9 თვე შეიძლება ფეხბურთის თამაში. გაიხედეთ ფანჯრიდან, დღეს არ გამოვა ბურთაობა? ჩვენ კი მხოლოდ ნახევარ წელიწადს თუ მოვუყრით თავს. ამიტომ სეზონში ორი ჩემპიონატი უნდა გაიმართოს თითო წრედ. პირველი დაიწყება მაისის ბოლოს. მასში 16 გუნდი ჩაებმევა და ერთი წრედ შეხვდება ერთმანეთს. ცხრილში პირველი რვა ორმატჩიანი „ფლეი ოფით“ გაითამაშებს ¼ და ½ ფინალებს, ფინალი ერთმატჩიანი იქნება. ამის შემდეგ კლუბები ორ კვირას დაისვენებენ და მეორე საშემოდგომო პირველობას შეუდგებიან, რომელსაც ნოემბრის მიწურულს დაამთავრებენ. ქვეყანაში იქნება ორი ჩემპიონი. ლიგაში და ევროტურნირებზე კი ის გუნდები გავლენ, ორი ჩემპიონატის ჯამში მეტი ქულა რომ დაუგროვდებათ. გავარდნითაც ის 3 გუნდი გავარდეს, ორი პირველობის ჯამში რომ ნაკლები ქულები უშოვნიათ.
შემდეგ, დეკემბერ-იანვარში, ასე თებერვლის 10-მდე, დავისვენებთ და მთელი გაზაფხული რეგიონალურ სათასო ტურნირს დაეთმობა: ეს იქნება ერთდროულად რეგიონალური პირველობებიც და ქვეყნის თასისთვის ბრძოლაც. იარსებებს 3 რეგიონალური დივიზიონი: დასავლეთის, აღმოსავლეთის და თბილისისა. პირველ ორში 12-12 გუნდი იქნება, თბილისისაში 8. უმაღლესი დივიზიონის გუნდებს რეგიონალურ ლიგებში ადგილები დაჯავშნული ექნებათ. დაბალი ლიგებისა კი წლის მანძილზე მოიპოვებენ „ფლეი-ოფებით“. კვლავ გაიმართება ერთწრიანი ტურნირები და გამოვლინდება რეგიონების და დედაქალაქის ჩემპიონები. ამათ რომ რეგიონის ჩემპიონობის ინტერესი ჰქონდეთ, ჯილდოდ საერთოეროვნული ჩემპიონატის პრიორიტეტულ კალენდარს მივცემდი.
დივიზიონებში პირველ 6 ადგილზე გასული გუნდები და თბილისის პირველი 4 გუნდი ქვეყნის თასს გაითამაშებენ. ასევე თითომატჩიანი სისტემით – ფინალი მაისის დასაწყისში. მე თუ მკითხავთ, ჩვენი სტრატეგია ევროპაში თასების თასის ტურნირი უნდა იყოს და თასის მფლობელი მძიმე და რთული ტურნირის შედეგად უნდა გამოვლინდეს.
ეს უტოპიური სეზონია. თამაშების თვლას არ ვაპირებ და არც ღირს. დაბალ ლიგებზე ლაპარაკის ადგილი არ მაქვს, ისე კი მგონია, რომ ასეთი სეზონის უფრო საინტერესო იქნება.
ბოლოს კი გავიმეორებ:
შეხედე სვეტს მსუბუქად.
ნაკრების და ევროტურნირების ფანჯრები თავად გამოჭერით. თავმოყვარე გუნდმა 50-ჯერ ხომ მაინც უნდა ითამაშოს სეზონში?
ეს იქნება ომი და არა ჩემპიონატი.
ომს რომ მიეჩვევი, ვეღარ გადაეჩვევი.
15.02.1997