ზინედინ ზიდანს „ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა არ შეეხება და მას დასახარჯად 200 მილიონ გირვანქას მისცემენ — გუშინ ფიფამ „ლურჯებს” 29 ყმაწვილი ფეხბურთელის უკანონოდ დაბევებისთვის ორი სატრანსფერო ფანჯრით აუკრძალა ბაზარში გასვლა.

დასავლეთ ლონდონელების ბედად აკრძალვა ამ ზაფხულიდანვე არ ამოქმედდება, ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შედის.

ამ ინფორმაციის ფონზე „ჩელსის” მავანმა თანამშრომელმა ინგლისელ ჟურნალისტებს გამოუტანა ამბავი, რომ მაურიციო სარის მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნის შემთხვევაში ზიდანის მიწვევა კვლავ ძალაში რჩება. ადრე დავწერეთ, რომ თუ ფრანგი „სტემფორს ბრიჯზე” გადასვლას დაყაბულდება, მისი ერთ-ერთი მოთხოვნა ბაზარში სავსე საფულით გასვლა იქნება და ჯერჯერობით ეს მოხერხდება.

„რეალის” 46 წლის მწვრთნელმა გასული სეზონის ბოლოს ერთწლიანი დასვენება გადაწყვიტა და ამჯერად არსად მუშაობს.

ამბობენ, რომ ზიდანის სიაში ერთ-ერთი პირველი მაურო იკარდი წერია. თუკი ბუქმეიქერებს დავუჯერებთ, ამ სიაში კიდევ არიან: ისკო, ალექს ტელესი და ხალიდუ კულიბალი.

ინგლისურ პრესაში ისიც წერია, რომ „ჩელსის” ზიზუს ხელმოწერისთვის „იუვენტუსთან” მოუწევს კონკურენცია.

ზემოთ ყმაწვილ ფეხბურთელთა უკანონოდ გადაბირების შემთხვევები ვახსენეთ. ფიფას „ჩელსის” 100 შემთხვევა განუხილავს. მან კლუბი 460 000 გირვანქით დააჯარიმა და ყმაწვილებთან დაკავშირებული საქმეების 90 დღეში მოგვარება დაავალა.

„ლურჯები” თავს იმით იმართლებენ, რომ აღნიშნული ბავშვების შემთხვევაში საქმე გვაქვს მათ დროებით გასინჯვებთან და არა ხანგრძლივ კონტრაქტებთან. დასავლეთ ლონდონელების თქმით მათ აკადემიას ამ ყმაწვილებთან გრძელვადიანი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

ადრეც გვითქვამს, რომ ფიფას „ჩელსისთან” ერთ-ერთი პრეტენზია ბერნარდ ტრაორესთან დაკავშირებით აქვს. ბურკინა ფასოელი კლუბს ოფიციალურად 2014 წლის იანვარში შეუერთდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო. ამბობენ, რომ „ლურჯებმა” ფეხბურთელის დედას 154 000, ხოლო მის ძველ კლუბს 13 000 გირვანქა გადაუხადეს.