18 წლის ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის ახალწვეულია. გერმანელები ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში არც ერთ მოთამაშეს არ მოუხიბლავს გულშემატკივარი ისე, როგორც ეს ახალგაზრდა ინგლისელმა მოახერხა. ჯეიდონი 2018 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან” „დორტმუნდში” 8 მილიონ ევროდ გადავიდა.
„მირორმა” კი დაწერა, რომ თავის დროზე ინგლისის ჩემპიონმა ამომავალი ვარსკვლავი არალეგალური ხერხით შეიძინა. გაზეთმა ეს ამბავი „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით გაასაჯაროვა.
2015 წელს, იმხანად 14(!) წლის ჯეიდონ სანჩო „უოტფორდიდან” „ქალაქელთა” აკადემიაში გადავიდა. ამ ტრანსფერში „სიტიმ” ოფიციალურად 66 000 გირვანქა ანუ დაახლოებით 76 000 ევრო გადაიხადა. იმაში, რაც აქამდე მოვყევით უკანონო თითქოს არაფერი ყოფილა, მაგრამ როგორც ირკვევა დასახელებული თანხის გარდა ამ ამბავში ტრიალებდა კიდევ 200 000 გირვანქა (230 000 ევრო).
„მირორი” წერს, რომ ეს თანხა გადაუხადეს მავან ემეკა ობასის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ახალგაზრდა ტალანტების სკაუტინგისთვის, ოღონდ „მანჩესტერ სიტის” საბუთებში წერია სიტყვები: „აგენტის გასამრჯელო”. ცნობისთვის: ობასი ჯეიდონ სანჩოს მრჩეველია, სანჩო კი წარმოშობით ტრინიდადიდან და ტობაგოდან გახლავთ.
მაგრამ, წარმოშობა წარმოშობად და ჯეიდონ სანჩო ლონდონშია დაბადებული. და კიდევ, თუკი ემეკა ობასი მისი მრჩეველია და მან ფეხბურთელს 2015-ში რამე მართლა ურჩია (ან მის ბედში ჩაერია), ესე იგი კანონი დაურღვევია, რადგან 16 წლამდე ფეხბურთელს წარმომადგენელი არ უნდა ჰყავდეს.
ამრიგად, გაჩნდა ეჭვი, რომ ზემოთ ნახსენები 200 000 სინამდვილეში ბავშვის „უოტფორდიდან” „მანჩესტერ სიტიში” გადაყვანასთან არის დაკავშირებული (და არა ტრინიდადში ნიჭიერი მოთამაშეების ძებნასთან) და ასე ვთქვათ სატრანსფერო თანხის ნაწილია. გერმანულ გაზეთ „შპიგელს” მაგალითად აინტერესებს „მანჩესტერ სიტის” წერილი მოთამაშის მამის შონ სანჩოსადმი, სადაც რამდენადაც ცნობილია კლუბი მშობელს ეკითხება რა თანხას მოითხოვს იმ შემთხვევაში თუ ბიჭი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება.
ამდაგვარი მიზეზის გამო 2017 წელს დაისაჯა „ლივერპულიც”. მერსისაიდელები 115 000 ევროთი დააჯარიმეს. ისინი „სტოკ სიტისგან” 12 წლის ბავშვის გადაბირებას ცდილობდნენ თავიანთ აკადემიაში.
მომხდარის პასუხად „მანჩესტერ სიტი” აცხადებს, რომ ჰაკერების მოპარულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.