OK Diario-ს თანახმად, „რეალში” კრიშტიანუ რონალდუზე მეტად ზინედინ ზიდანს მისტირიან.

გეხსომებათ, რომ მადრიდელებმა ზიდანიცა და რონალდუც გასულ ზაფხულს დაკარგეს. მათთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ეს სრულიად მოულოდნელი გახლდათ — ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვებიდან ორიოდ კვირის მერე; უდიდესი წარმატების ფონზე. თავდაპირველად ზიდანი წავადა. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ორნახევარი საოცრად წარმატებული წლის შემდეგ ლეგენდარულმა ფრანგმა ერთწლიანი დასვენება გადაწყვიტა.

ზიდანს რონალდუ მიჰყვა. ის „იუვენტუსში” გადავიდა. ტურინელებმა მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შემდეგ ზიდანის ადგილი ხულენ ლოპეტეგიმ დაიკავა. გეხსომებათ, ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს ედგა სათავეში, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჩაიყვანა, მაგრამ სკანდალში გაეხვა — ცნობილი გახდა, რომ მას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ზურგსუკან „რეალთან” დაუდია ხელშეკრულება, რის გამოც პირდაპირ ნაკრების ბაზიდან გააგდეს. ლოპეტეგი „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩავიდა, მაგრამ ჩაფლავდა.

ბასკი არგენტინელმა სანტიაგო სოლარიმ შეცვალა, თუმცა „რეალმა” სტაბილურობას ვერც მის ხელში მიაღწია და OK Diario-ს რედაქტორი ედუარდო ინდა ახლა წერს, რომ „თეთრებისთვის” ზიზუს წასვლა გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე რონალდუსთან დამშვიდობება.

ინდა იმასაც წერს, რომ „რეალის” ფეხბურთელებს სწამთ — სოლარი სინამდვილეში დროებითი მწვრთნელია და ზაფხულში მასაც შეცვლიან.

„კლუბში ლაპარაკობენ, რომ ზიდანის დანაკლისი გაცილებით მძიმეა ვიდრე რონალდუსი, — წერს რედაქტორი, — ამასთან ისინი მიიჩნევენ, რომ სოლარის „რეალში” ზაფხულამდე თუ გააჩერებენ. მათთვის მრავლისმეტყველი იყო მარცხი „ჟირონასთან”, ტაქტიკა, რომელიც სოლარიმ ამ შეხვედრისთვის შეარჩია და ვინისიუსის შეცვლა”.

ინდა წერს, რომ „რეალის” დირექტორატი ბოლოხანს რონალდუს დაკნინებას ცდილობს. კერძოდ, როდესაც გუნდის მიერ გატანილი საუკეთესო გოლების კოლაჟს ადგენენ, პორტუგალიელის გოლებს ხშირად ტოვებენ. არადა, სექტემბერში კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამბობდა, რომ ზიდანსა და რონალდუს ყოველთვის შეუძლიათ „რეალს” თავინთი სახლი უწოდონ.