ესპანური პოლიციისა და ბრიტანელ ფანთა ბრძოლები გრძელდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესპანეთში ბრიტანელებს პოლიცია სცემს. ეს ამბავი ამჯერად ვალენსიაში მოხდა, სადაც „სელტიკის” გულშემატკივრები არიან ჩასულები. როგორც ინგლისური მედია წერს, მათ ხელკეტებითაც გაუმასპინძლდნენ და არც რეზინის ტყვიები დააკლეს.
„ვალენსია” და „სელტიკი” დღეს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე ევროლიგის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ხვდებიან ერთმანეთს.
სმარტფონების ეპოქაში შეტაკებების ამსახველი ფოტოები და კადრები ინტერნეტსივრცეს იცოცხლე, არ დაჰკლებია. ზოგიერთ ჩანაწერში სროლის ხმაც ისმის. ხსენებული სცენების მონაწილე შოტლანდიელები ამბობენ, რომ ეს იმ რეზინის ტყვიების ხმაა, მათ ესპანელმა პოლიციელებმა რომ დაუშინეს. სხვა ჩანაწერში ჩანს, რომ სტუმარი ფანები მიწაზე წვებიან, რათა სპეცრაზმის შეტევას თავი აარიდონ. არის კადრები, სადაც ბარის წინ შეკრებილ, ლუდის სმაში გართულ ბრიტანელებს უეცრად პოლიცია ესხმება თავს.
შოტლანდიელები პასუხად ღრიალებდნენ და იგინებოდნენ.
ერთ-ერთმა მათგანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიციელებისგან ასეთი არაადექვატური ქცევა არასდროს მინახავს. ისინი იყვნენ ხულიგნები ფორმაში”.
ბრიტანელი ფანების ბოლო წლების ესპანური თავგადასავლებისგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ესპანელი სამართალდამცველები კუნძულებიდან ჩამოსულთა დანახვაზე თადარიგს იჭერენ და მათ მანამდე ესხმიან თავს, სანამ ისინი რეალურად რაიმეს დააშავებენ. ყოველ შემთხვევაში, ინგლისური მას-მედია ასე აღწერს.