კრიშტიანო რონალდუს მადრიდში დაბრუნება წარმატებული ვერ გამოდგა. მართალია, პორტუგალიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ჩასულა, მაგრამ „ვანდა მეტროპოლიტანოზე” არაკეთილმოსურნე გარემო დახვდა და რაც მთავარია, მისმა „იუვენტუსმა” „ატლეტიკოსთან” 0:2 წააგო.
ტურინელთა კარში გოლები „მატრასების” ურუგვაელმა ფეხბურთელებმა ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა გაიტანეს. ბუნებრივია, ასეთი შედეგის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლის შანსი მადრიდელებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე ტურინელებს.
რაც შეეხება მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს, მან შეხვედრის დასაწყისში სცადა შორეული დარტყმით გოლის გატანა, მაგრამ მასპინძლების მეკარე იან ობლაკმა შესანიშნავად მოიგერია. რონალდუს ბოლოსაც ჰქონდა კიდევ ერთი მეტ-ნაკლები შესაძლებლობა, როდესაც თავური დაარტყა, მაგრამ არც ამ ეპიზოდში გაუმართლა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელში „იუვენტუსმა”, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 1996 წლის შემდეგ არ მოუგია, „რეალს” 100 მილიონი ევრო გადაუხადა.
თამაშის დასრულების შემდეგ რონალდუს „ატლეტიკოს” გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან ობსტრუქცია მოუწყვეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ CR7 დიდი ხნის განმავლობაში „რეალში” გამოდიოდა, „რეალისა” და „ატლეტიკოს” დაპირისპირება კი არც მეტი არც ნაკლები საქვეყნოდ ცნობილი მადრიდული დერბი გახლავთ, ამაში გასაკვირი არაფერი იყო.
და რონალდუმ პასუხად ტრიბუნებს ხუთი თითი აჩვენა, რაც იმას ნიშნავდა, მე ლიგის ხუთგზის გამარჯვებული ვარ და თქვენი ასარევი არაფერი მჭირსო.
შემდეგ, მიქს-ზონაში მას კომენტარი თხოვეს.
„ასეთია ფეხბურთი”, — მოკლედ უპასუხა რონალდუმ.
მაგრამ, როდესაც ჩააცივდნენ მან თქვა: „პირადად მე ხუთჯერ მაქვს ეს თასი აღმართული, „ატლეტიკოს” კი არცერთხელ”.