ინგლისში ხმა დაირხა, რომ ზინედინ ზიდანი „ჩელსის” სათავეში ჩადგომაზე ყაბულსაა, ოღონდ თავის პირობებს აყენებს: სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად 200 მილიონ გირვანქას (228 მილიონ ევროს) ითხოვს.

უფრო სრულყოფილად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დასავლეთ ლონდონელებს ხელმოცარული მაურიციო სარის შეცვლაზე დათანხმდება, ის მოითხოვს:

  • ახალ კონტრაქტს ედენ აზარისთვის, რომელიც გაქცევაზე აღარ იფიქრებს და მწვრთნელს საშუალება მიეცემა გუნდი მის გარშემო ააწყოს.
  • ზემოხსენებულ 200 მილიონ გირვანქას, რომელიც კიდევ უფრო მეტი გახდება თუკი ის „ჩელსის” დღევანდელი შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის.
  • ახალი ფეხბურთელების შერჩევაში აქტიურ მონაწილეობას — „ჩელსის” დირექტორის მარინა გრანოვსკაიას აზრი ერთადერთი რომ არ იყოს.

ის, რომ „ჩელსის” პატრონები ზიდანზე ფიქრობენ, ინგლისურმა მას-მედიამ ჯერ კიდევ წინა კვირაში შეიტყო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მწვრთნელობაშიც ფრიად წარმატებული გამოდგა. მისი ხელმძღვანელობით „რეალმა” სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. თუმცა, ჯერჯერობით „ჩელსის” სათავეში მაურიციო სარი რჩება და მას დღეს ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედთან” ელის სერიოზული ტესტი.

იტალიელს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება კვირას, 24 თებერვალს მოუწევს — ლიგის ანუ „კარაბაოს თასის” ფინალში „მანჩესტერ სიტის” ხვდება.

„სანმა” ზიდანის ერთ-ერთი ახლობლისგან გაარკვია, რომ ფრანგის აზრით ჯერჯერობით ყველაფერი მაურიციო სარის ხელშია და ამიტომ მის „სტემფორდ ბრიჯზე” მისვლას გადაწყვეტილ საქმედ სულაც არ მიიჩნევს. ზიდანი მიიჩნევს, რომ იტალიელს შეუძლია საქმე გამოასწოროს და წარმატებით შეინარჩუნოს პოსტი.

მართლაც, თუკი სარის ხელმძღვანელობით „ჩელსი” „კარაბაოს თასს” (ვინ იცის ფეხბურთის ასოციაციის თასსაც) მოიგებს და საგაისო ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, დიდი შანსია ის თანამდებობაზე დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ” ერთი კვირის წინ „მანჩესტერ სიტისთან” სამარცხვინოდ წააგო 0:6, რის შემდეგაც იტალიელმა მწვრთნელმა ვაჟკაცურად განაცხადა, რომ ის მომხდარს ძალიან განიცდის, მაგრამ თავისი მსოფლმხედველობის შეცვლას არ აპირებს.