„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” თავისი ახალი, თვალისმომჭრელი სტადიონის გახსნა კიდევ გადადო — ამჯერად აპრილის დასაწყისამდე და ისიც კაცმა არ იცის ეს ვადა საბოლოოა თუ არა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „სფურზი” 1 მილიარდად აშენებული სარბიელის გახსნას 17 მარტს აპირებდა — ამ დღეს პრემიერლიგაში „კრისტალ პალასთან” ლონდონური დერბი უნდა გამართულიყო, მაგრამ გუშინ „პალასმა” ფეხბურთის ასოციაციის თასზე სტუმრად მოუგო „დონკასტერს” (2:0), მეოთხედფინალში გავიდა და… სავარაუდოდ, 17 მარტის თამაშს გადაუდებენ. მიზეზი: ინგლისში თასის მეოთხედფინალური შეხვედრები 15-18 მარტს უნდა გაიმართოს.

ამბობენ, რომ ახალი გრაფიკის თანახმად „სფურზისა” და „კრისტალ პალასის” პრემიერლიგური შეხვედრა აპრილში ჩატარდება და ამიტომაც გადაიდო ახალი „ვაით ჰართ ლეინის” გახსნა აპრილისთვის.

და მაინც, ჩავიხედოთ კალენდარში. წესითა და რიგით, 17 მარტის შემდეგომი საშინაო თამაში „დეზებს” 4 აპრილს, „ბრაიტონთან” უწევს, მაგრამ პომპეზური გახსნაა ჯობს ძლიერ გუნდთან თამაშს დაემთხვას.

„მანჩესტერ იუნაიტედთან” უნდოდათ, მაგრამ არ გამოვიდა…

„ბრაიტონის” შემდეგ კი მოდის საშინაო შეხვედრები აუტსაიდერ „ჰადერსფილდთან” (13 აპრილს), „ვესტ ჰემთან” (27 აპრილს) და  „ევერტონთან” (12 მაისს).