დღენიადაგ იმას ვწუწუნებთ, “ექვსი ერის” მამები კარს არ გვიღებენ და განვითარების საშუალებას არ გვაძლევენო. და მაინც ვიზრდებით… ავჭალის სტადიონი ორი იბერიის მორიგი სარაგბო ჯახისთვის ემზადება და ერთი კვირის წინ რუმინეთში წარმატებული ლაშქრობის განგრძობას გეგმავს. აკი თქვა კიდეც ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, ჩვენ ნაკრებს საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და ვალდებულნიც ვართ, მხოლოდ საუკეთესო თამაშით გადავუხადოთ სამაგიეროო.

გუნდის განწყობა ურიგო რად იქნება. რუმინელთა ძლევით ისევ დავეწიეთ და გავასწარით ამერიკის შეერთებულ შტატებს და მსოფლიო რეიტინგში მე-12 საფეხურზე მოვკალათდით. კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი თედო აბჟანდაძის დიდი პირადი წარმატებაა – ფრანგულ “ბრივში” გადაბარგდა.

წინა კვირასთან შედარებით მილტონ ჰეიგმა მცირე კორექტივები შეიტანა შემადგენლობაში. გიორგი ჯავახიასთვის და გრიგოლ ქერდიყოშვილისთვის ეს პირველი გამოძახებაა ნაკრებში. სხვაა? სხვა არც არაფერი. იქნება ჯიგრიანი ბურთაობა და იქნება, წამითაც რომ არ გვეეჭვება, ისეთი შედეგი. ყველაზე მთავარი კი ამ ისტორიაში ისაა, რომ სერიოზული როტაციის პირობებშიც აღარ ექმნება მილტონ ჰეიგს საკადრო პრობლემები. საქართველოს ლამის თანაბარძალოვანი ორი ნაკრების გამოყვანა შეუძლია, მაგრამ დღევანდელ სტუმარ იბერიელებთან ერთმა და ახალგაზრდებით გადახალისებულმაც უნდა იკმაროს.

წილი
წინა სტატიაროგორ გავა საქართველო
შემდეგი სტატიაავჭალელო ქარო…
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".