მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია. შოუ კი ვერ შედგა, რადგა დღეს საღამოს მთავარი შოუმენი ქარი იყო, რომელმაც ფეხით თამაში აუკრძალა გუნდებს და თუ ვინმემ გაბედა, ანანა კიდეც. 24:10 დასრულდა. სხვაობა ერთი ქულით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე შარშან, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს ჩვენი გუნდის კრიტიკას. ეს უფრო მეტოქისთვის საკადრისი პატივის მიგებაა – თუ ესპანელებმა პროგრესი მსგავსი ტემპით განაგრძეს, ორიოდ წელში თუნდაც საშინაო შეხვედრებს მთლად გულდამშვიდებულნი ვერ დავხვდებით. აფერუმ ესპანელთა თავმდაბალ დამრიგებელს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ცალსახა ფავორიტებად რომ შეგვრაცხა და მერე კი ბოლო წუთამდე გვეომა. ჩვენი ნაკრების თამაშში, ბუნებრივია, გაცილებით მეტი იყო კლასიც და თავდაჯერებაც. თუ საჯარიმოს და რეალიზაციებს არ ჩავთვლით, ბორჯღალოსნებმა ქარიც კი საკუთარ სამსახურში ჩააყენეს. მილტონ ჰეიგმა დებიუტანტებშიც გამოიცნო და ქერდიყოშვილს ლელო განსაკუთრებულად ამადაც მიულოცეს. მეორე სანაკრებო შეხვედრაში პირველი ლელო მიითვალა დათო გიგაურმაც. ესპანელებმა ღირსეულად იომეს იმ კომპონენტებშიც კი, მთელი მსოფლიო ქართველთა კოზირად რომ მიიჩნევს – ბევრი გუნდი გინახავთ, ჯარიმის მაგიერ ჩვენებთან შერკინება აერჩიოს? მოლში ბევრმა დაგვატრიალა? რაქში ბევრმა აგვართვა ბურთი? ხვალ ეს ესპანეთი დაღვინდება და ჩინებული გუნდი დადგება. დღეს კი ჩვენი დღეა – დამსახურებული გამარჯვების, რომელიც ბირჯღალოსანთა ტოლსწორად იმ ქომაგებს ეკუთვნით, სუსხის და ქარის მიუხედავად რომ უერთგულეს საკუთარ ჯილებს.

რაგბის კავშირის ფოტოები

წილი
წინა სტატიაშორია იბერიიდან იბერიამდე
შემდეგი სტატიათუ მარინოჩკა აზრს ზიდანსაც დაეკითხება
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".