მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის” თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან” უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და კლუბიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ნახევარმცველი ამბობს, რომ მზად არის შემდეგი ორი წლის განმავლობაში „არსენალისთვის” თავი დადოს.

იანვარში იოზილის გადაბირება „პარი სენ ჟერმენს” უნდოდა. ფრანგული კლუბი ფეხბურთელს იჯარას სთავაზობდა. „არსენალს” პსჟ-ს წინადადება მოსწონდა, მაგრამ გერმანელმა კატეგორიული უარი განაცხადა.

ასეთი მდგომარეობა უსასრულოდ რომ ვერ გაგრძელდება, ცხადია. ზაფხულში იოზილს ალბათ მაინც მოუწევს სხვაგან გადაბარგება, მაგრამ მას პრინციპული პოზიცია აქვს: თუ გადავა, აუცილებლად ევროპის ერთ-ერთ გრანდში უნდა გადავიდეს. ჩინეთის გაგონება არ სურს.

მოთამაშე, რომლის ხელფასი თვეში 350 000 გირვანქაა იმედოვნებს, რომ მას მხარს „არსენალის” ფანები დაუჭერენ, რომლებიც უნაი ემერის უკან დაახევინებენ.

უნაი ემერის ხელში იოზილმა „მეთოფეთა” ბოლო ათი თამაშიდან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა. ორიოდ დღის წინ, როდესაც ლონდონელებმა ევროლიგაზე ბორისოვში „ბატესთან” სამარცხვინოდ წააგეს (0:1) ემერიმ გერმანელი საერთოდაც ლონდონში დატოვა, მან კი „ტვიტერში” დაწერა:

„სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში გამარჯვება შეგვიძლია. გავიდეთ ბიჭებო მოედანზე და მივაღწიოთ მიზანს!””.

რასაკვირველია, უარყოფილი მოთამაშისგან ასეთი ტექსტი გულშემატკივართა გულის მოგებას ემსახურებოდა და დამტკიცდა კიდეც, რომ გათვლა სწორი იყო — გერმანელმა 1500 გულშემატკივრისგან მხარდაჭერის კომენტარი მიიღო.

„სიტუაცია თანდათანობით სულ მეტად და მეტად უხერხული ხდება”, — თქვა „არსენალის” ვეტერანმა მატინ კიოუნმა.

საქმე ის არის, რომ მესუთ იოზილმა „ემირეითზე” გატარებული ექვსი წლის განმავლობაში ასზე მეტი თამაში სერიოზული ტრავმის გარეშე გამოტოვა — ხან ვირუსს მოიმიზეზებდა, ხან ზურგის ტკივილს, ხან ჩხვლეტას…

„ნეტავ, მართლა ავად იყო? მართლა ჩხვლეტებს გრძნობდა? ჩვენ ეს არ ვიცით. ეს მხოლოდ თავად ფეხბურთელმა შეიძლება იცოდეს. არადა, როდესაც გუნდში მოთამაშე გყავს, მას რეგულარულად უნდა იყენებდე, იოზილს კი ხშირად ვერ დაეყრდნობოდი. ასი გამოტოვებული თამაში მეტისმეტად ბევრია”, — დასძინა კიოუნმა.