სერხიო რამოსმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „აიაქსთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი ძალად მიიღო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” ამსტერდამში 2:1 მოიგო და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია.
მთავარი ევროპული შეჯიბრების მოქმედმა გამარჯვებულმა რომელიც ზედიზედ მეოთხე ტრიუმფისთვის იბრძვის, ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით აჯობა ჰოლანდიის სახელოვან გუნდს, რომელთა მხრიდან ჰაკიმ ზიეჩმა შეაგდო.
და როდესაც თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი რჩებოდა სერხიო რამოსმა იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო, მადრიდში საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს და მეოთხედფინალიდან (რასაკვირველია, თუ „რეალი” ამ ეტაპზე გავა) სუფთა სადისციპლინო ფურცლით განაგრძობს.
ესპანელმა ვარსკვლავმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ „გაყვითლებული” ფეხბურთელია, მიმომხილველების აზრით ეს ჯარიმა განზრახ მიიღო და მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი განზრახვა ფაქტობრივად არც დაუმალავს:
„მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ შედეგიდან გამომდინარე ყვითელი ბარათის მიღება თავად არ გამოვიწვიე. მე ეს აზრი გონებაში მიტრიალებდა, ოღონდ ამით არც „აიაქსის” ძალა დამიყენებია ეჭვქვეშ და არც ის მითქვამს, რომ ჩვენ უკვე მეოთხედფინალში ვართ. ფეხბურთში ხანდახან სარისკო გადაწყვეტილებები უნდა მიიღო და მეც სწორედ ასე მოვიქეცი”.