ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე ძალ-ღონის დაუშურველად ცდილობს დაამტკიცოს, რომ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგას არაკომერციული (უფასო) ტელევიზიები უნდა გადაცემდნენ.
„შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ამასწინათ პრესაში გამოქვეყნდა ტელემაყურებელთა სტატისტიკა. თურმე, მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგა ZDF-ზე (საზოგადოებრივ მაუწყებელზე) აღარ გადაიცემა, მას მაყურებელთა 84% მოაკლდა. ამიტომაც ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უეფასთან ბალანსში ვიყოთ და მას მერე, რაც ახალი ხელშეკრულებები გაფორმდება ანუ 2021-2024 წლებში ისე გავაკეთოთ, რომ გერმანელმა მაყურებელმა ერთი მატჩი მაინც (სასურველია ეს იყოს დღის მთავარი შეხვედრა) ყველასთვის მისაწვდომი ტელევიზიით, უფასოდ ნახოს”.
შემდეგ, წარსულში დიდმა თავდამსხმელმა თქვა: „ამ სეზონში ბუნდესლიგას ჩემპიონთა ლიგაში „დორტმუნდი”, „შალკე” და „ჰოფენჰაიმიც” წარმოადგენდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოთვლილი კლუბების ხელმძღვანელები იმავე აზრზე არიან, რასაც მე ვამბობ. ეს ფანების ინტერესში შედის, ჩვენ კი ვალდებულები ვართ მათი სურვილები გავითვალისწინოთ. ბევრჯერ მითქვამს: ჩვენ ინგლისში ან ესპანეთში არ ვცხოვრობთ, სადაც თამაშები უკვე წლებია ფასიანი ტელევიზიით გადაიცემა. ჩვენ სხვა საფეხბურთო კულტურის ხალხი ვართ”.
და ბოლოს, რუმენიგემ დასძინა: „კომერციული ტელევიზია საფეხბურთო ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას სპონსორული კონტრაქტებითაც შესანიშნავი ფული შესდის. მეორე მხრივ, მას მერე რაც ტელემაყურებლის რაოდენობამ 84 პროცენტით იკლო, გერმანიაში სპონსორული შემოსავლებიც შემცირდა. ამიტომ კომერციულ ტელევიზიასა და უფასო ტელევიზიას შორის სწორი ხელშეკრულება უნდა დაიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანდათანობით ჩემპიონთა ლიგას დამფინანსებლები დააკლდება”.