გაგიგონიათ ასეთი უბანი? ლონგ აილენდი ჰქვია, რაც გრძელ კუნძულს ნიშნავს. გრძელი უბანი ჩვენი საშუალო ქალაქის ტოლა იქნება და ნიუ იორკის შტოდ არის ჩამოყალიბებული.

ახლა კი გიამბობთ ერთ ისტორიას, რომელიც ოც წელიწადს გაიწელა და ამ უბნელ კაცს გადახდა.

ჩვენთვის ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ლონგ აილენდელი კაცი სპორტსმენია, მას ჰოვარდ დევისი ჰქვია, 39 წლისაა და კრივის საშუალო წონაში მოღვაწეობს.

1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადაზე ჰოვარდ დევისი ამერიკის ნაკრების წევრი ყოფილა და ოდინდელი ოლიმპიური პრინციპი – მთავარი მონაწილებააო, არად ჩაუგდია. თავის წონაში ყველა გაულახავს და ცხრამეტი წლისა ოქროს მედლით დაუჯილდოვებიათ. ყმაწვილი კაცი ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარა და რა უნდო იყოს ამაზე დიდი ბედნიერება? ოღონდ დიდ გამარჯვებას თან დართვია ცუდი ამბავიც – ტრიუმფის დღეებში გარდაცვლილა ჰოვარდის დედა და მოკრივეს გადაუწყვეტია, ჩემი გამარჯვება და ეს ოქროს  მედალი მისი ხსოვნისათვის იყოსო.

„არც კი მიფიქრია, რომ მედალი ჩემი იყო, სულ დედას მახსენებდა და ამგვარი მოგონებით ვცხოვრობდიო“, – აგრე აცხადებს მოკრივე.

ქურდი და ხელმრუდი სად გამოილევა – მით უფრო კაპიტალისტურ ქვეყანაში. ოლიმპიადიდან ხუთი წლის თავზე დევისის ბინა გაქურდეს ლონგ აილენდის უბანში და სხვა რამ ნივთებს მედალიც გააყოლეს. მოკრივე ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, ზანგური სიწრფელით აცხადებდა, ასე მგონია, დედაჩემი მეორედ მიიცვალაო. პოლიციამ ქურდი ვერ იპოვნა და მედალი მითუმეტეს. აბა როგორია ამხელა ქალაქში ერთი ბეწო ჯილდოს ძებნა, თუნდაც ის კუბერტენული შუქით იყოს განსხივოსნებული. და ამ ამბიდან, სწორედ ისე, როგორც ძველ ზღაპრებში, გავიდა ორი წელი.

ქალაქ გოთჰემის (ქუჩის ენაზე ნიუ იორკსა ჰქვია) ლონგ აილენდის უბნის ქუჩაზე მისეირნობდა ამავე უბნელი ჯეიქ ფისელი. ამ ფისელს შორიახლოს შეუნიშნავს მბრწყინავი ნივთი, ახლო მისულა და დევისისეული ოქროს მედალი ჯიბეში ჩაუდევს. გაგონილი კი მქონდა, რომ ვიღაც მოკრივეს ჩვენს ლონგ აილენდში მედალი დაუკარგავს, მაგრამ დიდი ხნის ამბავი იყო და არც კი მახსოვდა. ავიღე და შინ წამოვიღეო, – ახლაღა იგონებს ფისელი.

ლამის ოთხ წელიწადს მედალს მოსვენება არ მიუცია ჯეიქ-მპოვნელისთვის და მასაც გადაუწყვეტია, პატრონი უნდა ვიპოვნოო.

ფისელი აილენდურ გაზეთ „ნიუსდეიში“ მისულა და ყველაფერი უამბია. გაზეთის ამბავი კი ხომ იცით, ისეთი ამბავი ატეხა, რომ აცახცახებული ჰოვარდ დევისი რედაქციაში მივიდა და ესღა აღმოხდა – ჩემი მედალიო.

ისინი ერთმანეთს შეახვედრეს.

მოკრივე დიდხანს იცრემლებოდა და ფისელს ჰკოცნიდა, რომელსაც ორიოდ სიტყვა წაუბამს ერთმანეთისთვის: „აბა როგორ იქნება ასეთ კაცს გული ატკინო? ჩვენ უბნელები ვართ და ერთმანეთი უნდა გავიტანოთო“.

გახარებულმა ჰოვარდმა „მედისონ სკვერ გარდენის“ კრივის დარბაზის აბონემენტი აჩუქა ჯეიქს, თუმცა ესეც არ იკმარა და მას ნაპოვნი მედლის ასლი უძღვნა, რომელიც ადრევე გამოეგზავნა მისთვის ჯილდოს დაკარგვით შეწუხებულ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

„ეს ჩვენი შეხვედრის მოგონება იყოს“, – უთქვამს მოკრივეს.

აი, ასე დამთავრდა ამერიკული ზღაპარი, რომელიც მართლა მოხდა ლონგ აილენდის უბანში.

19.01.1996

 

 

 

წილი
წინა სტატიარუმენიგე საზმაუს ითხოვს
შემდეგი სტატიაბერდები, გორდონ! ადრე ასეთ ბურთს კი არ მოიგერიებდი, ხელებში გააქვავებდი
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.