ახალგაზრდა თაობას ძნელად აუხსნი, რა მასშტაბის ფეხბურთელი იყო გორდონ ბენქსი. ეგებ, ბევრმა ისიც არ იცოდეს, რომელ პოზიციაზე თამაშობდა, არადა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეტესო მეკარის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის შემდეგ მხოლოდ წარსულ დროში დავწერთ.

და მაინც: ვინ იყო გორდონ ბექსი?

1966 წელს ბენქსი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა მისი კარიერის უმთავრეს სეივამდე 4 წელი იყო დარჩენილი…

1970 წელი. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი. მომავალი ჩემპიონი ბრაზილია მოქმედი ჩემპიონი ინგლისის წინააღმდეგ. გვადალახარა. 66 ათასი მაყურებელი. მეათე წუთზე ჟაირზინიო შორეულ ძელთან აწვდის, პელე თავურს ურტყამს და…

 

ფეხბურთის მეფეზე უკეთ ამ ეპიზოდს ვინ გაიხსენებს: „როცა თავური დავარტყი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანე, შევყვირე და ხელებიც კი აღვმართე. მერეღა დავაფიქსირე, რა ჩაიდინა ბენქსმა. კარიერაში 1000 გოლზე მეტი გავიტანე, მაგრამ ყველა მაინც იმ ვერგატანილზე ლაპარაკობს. მეორეს მხრივ, მიხარია კიდეც, რომ ამიღო. ამ სეივმა გორდონთან მეგობრობას დაუდო სათავე, რომელსაც ყოველთვის ძალიან ვაფასებდი”.

სერ ბობი ჩარლტონიც გააოგნა იმ ეპიზოდმა: „ის სეივი მოედანზე ვნახე და მერე მილიონჯერ გამეორებაზე ვნახე. დღესაც ვერ ვხვდები, როგორ ჩაიდინა ეს გორდონმა”.

ალბათ დროა, თავად ბენქსის კომენტარიც გავიხსენოთ: „როცა ფეხზე ავდექი, შევეცადე, აუღელვებელი სახე შემენარჩუნებინა, რამდენადაც ეს შესაძლებელია საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სეივის შემდეგ. მახსოვს, ბობი მური მომიახლოვდა და მითხრა: “ბერდები, ბენქს. ადრე ასეთ ბურთს კი არ მოიგერიებდი, ხელებში გააქვავებდი“. თვალი ჩამიკრა. მე თუ მკითხავთ, ჩემი საუკეთესო სეივი „სტოკში“ თამაშისას ჯეფრი ჰერსტს რომ პენალტი ავუღე, ის იყო“.

კიდევ რა ვთქვათ გორდონ ბენქსის შესახებ? 1970 წლის მეოთხედფინალის წინა საღამოს ცუდად გახდა, შეხვედრა გამოტოვა და ინგლისის ნაკრები დამარცხდა. ალბიონზე დღემდე თვლიან, რომ მაშინ ბენქსი მოწამლეს.

1966-დან 1971 წლის ჩათვლით ფიფამ ზედიზედ ექვსჯერ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ. 1972 წელს ინგლისელმა ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიანიჭეს. არადა, გრანდებში არასოდეს უთამაშია. მისი კარიერა „სტოკში“ და „ლესტერში“ წარიმართა. ერთი ხანობა, ბილ შენკლი „ლივერპულში“ ეძახდა, მაგრამ არ გამოვიდა, ამასობაში კი „ლესტერის“ კარში უკვე პიტერ შილტონი იდგა. „სტოკში“ დაბრუნდა…

როცა საუკეთესო მეკარეებზე საუბრობენ, ბენქსის გამოტოვება შეუძლებელია – კაცის, რომელმაც პელეს უკვე გატანილი გოლი არ დაანება.

წილი
წინა სტატიაოქროს მედალი ლონგ-აილენდის უბანში
შემდეგი სტატიარამოსის განზრახ ყვითელი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".