მადრიდის „რეალის“ დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ბარსელონაში დაბადებულ-გაზრდილი კატალონიელი იყო…
მადრიდის „ატლეტიკო“ ბასკმა სტუდენტებმა დააფუძნეს…
როგორ იწყებოდა ორი მადრიდული გრანდის ისტორია და რა როლი ითამაშა მადრიდული დერბის გაღვივებაში გენერალმა ფრანკომ – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს რომ ვუპასუხოთ, XIX საუკუნეში უნდა გადავინაცვლოთ.
„ფუტბოლ სქაი“ – ასე ერქვა კერძო მადრიდული სასწავლებლის სტუდენტების მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო კლუბს, რომელმაც რამდენიმე წელი იარსება, მაგრამ თანამედროვე „რეალის“ შორეულ წინაპრად სწორედ მას თვლიან.
1900 წელს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ხუან პალასიოსმა გუნდის ნაწილი გაიყოლა და მის ბაზაზე ახალი კლუბი „მადრიდი“ დარეგისტრირდა. კლუბის პირველი პრეზიდენტი ბარსელონაში დაბადებულ-გაზრდილი, მადრიდში ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე ხუან პედროსი გახლდათ.
ამ სახელით კლუბმა 1920 წლამდე იარსება, ვიდრე ესპანეთის მეფე ალფონს XIII-მ რეალის ანუ სამეფოს ტიტული არ მიანიჭა.
სულ მალევე, 1903 წელს მადრიდში კიდევ ერთი კლუბი დაარსდა. მადრიდული ინტიტუტების ბასკმა სტუდენტებმა უკვე არსებული და სახელოვანი ბილბაოს „ატლეტიკის“ ფარმ-კლუბობა ჩაიფიქრეს, რომელსაც პერიოდულად ფეხბურთელები უნდა ეთხოვებინა. წლები გადიოდა, მადრიდული „ატლეტიკი“ მხოლოდ ამხანაგურად ბურთაობდა, მის ბასკ სეხნიას კი მოყვარულთა დახმარება არ სჭირდებოდა. ამით განაწყენებულმა მადრიდელმა ბასკებმა სახელი კი დაიტოვეს, მაგრამ 1920 წელს დამოუკიდებელ კლუბად შეცურეს ესპანური ფეხბურთის ოკეანეში.
პრიმერას დაარსებამდე (1928-1929) „მადრიდმა“ 16-ჯერ მოიგო რეგიონული დივიზიონი და ჩემპიონატის დაარსების შემდეგ 6 წელიწადში 4-ჯერ ოქროს მედლებს დაეუფლა. „ატლეტიკი“ იმავე ეპოქაში 2-ჯერ რეგიონის ჩემპიონობით და ორჯერაც თასის მოპოვებით თუ დაიკვეხნიდა.
1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელმაც თითქმის მთელი „ატლეტიკი“ შეიწირა. ომი 1939 წელს დასრულდა და ქვეყნის სათავეში გენერალი ფრანსისკო ფრანკო მოვიდა. განახლდა საფეხბურთო ჩემპიონატებიც. „ატლეტიკს“ ფეხბურთელები არ ჰყოფნიდა და სარაგოსას ავიაციის გუნდთან გაერთიანდა, რომელშიც ნამდვილი მფრინავები თამაშობდნენ. „ატლეტიკ ავიაციონად“ გადანათლული კლუბი უკვე 1940 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რამაც ოქროს ხანას დაუდო სათავე.
აქ ისევ გენერალ ფრანკოს უნდა მივუბრუნდეთ. ქვეყნის პირველკაცს ფეხბურთი დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ საკუთარი თავის ჩემპიონთან გაიგივებას რეჟიმის სიძლიერის ერთერთ სიმბოლოდ თვლიდა და „ატლეტიკის“ ქომაგი გახდა. სწორედ მისი ბრძანებით ბასკური „ატლეტიკი“ ესპანურ „ატლეტიკოდ“ გადაინათლა და დღემდე ასე დარჩა. კლუბმა ახალ სახელს უერთგულა, რასაც ვერ ვიტყვით ფრანკოზე – გენერალს მხოლოდ უძლიერესთა ქომაგობა შეშვენოდა და „რეალის“ ბანაკში გადაბარგდა, რომელიც ალფრედო დი სტეფანოს მეთაურობით სრულიად ევროპულ ფეხბურთს აზანზარებდა.
1954-1969 წლებში „რეალი“ 12-ჯერ გახდა ჩემპიონი და 6-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი. დი სტეფანო ორჯერ აღიარეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. „რეალი“ იმდენად პოპულარული იყო, ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის და პროტესტების დროს, ფრანკოს ბრძანებით ტელევიზია ამ გუნდის თამაშების ჩანაწერებს ატრიალებდა. ფრანკოს რეჟიმი 1975 წელს დაეცა, თუმცა მადრიდულ კლუბს დღემდე ახსენებენ – რომ არა მისი კეთილგანწყობა, ამდენს ვერ მიაღწევდითო. ამაზე პასუხი „რეალის“ კიდევ ერთმა ლეგენდა ხენტომ გასცა:
„დავუშვათ, ფრანკო ესპანეთის ჩემპიონის ტიტულებს გვჩუქნიდა, მაგრამ ის არც ისეთი გავლენიანი იყო მთელ ევროპაში, რომ ჩემპიონთა თასების აღებაში დაგვხმარებოდა. მოედანზე ჩვენ გავდიოდით და გოლებიც ჩვენ გაგვქონდა”.
ორი მადრიდული კლუბის დაპირისპირება დღემდე ევროპის ერთ-ერთ თვალსასეირო დერბი გახლავთ. ერთი ხანობა, „ატლეტიკოს“ ღარიბთა გუნდს ეძახდნენ, „რეალს“ კი ბურჟუებისას. სასაცილოა: მადრიდს კიდევ ჰყავს გუნდი, მართლა ღარიბების, შელანძღული 16-ათასიანი ტრიბუნით, მემარცხენე შეხედულებების მქონე რამდენიმე ათასი ქომაგით და ცარიელი ხაზინით – „რაიო ვალეკანო“…
იმ ორს კი რა უჭირს. ერთის ნათლია ესპანეთის მეფე იყო და მეორეს – გენერალისიმუსი ფრანკო. ერთს, ჩემპიონთა თასების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს და მეორეს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი. ბურთაობენ ჯიგრიანად, განსაკუთრებით დერბიში, აბრალებენ ერთმანეთს წარსულში ფრანკოს პროტეჟეობას და განაგრძობენ ფეხბურთის ისტორიის შექმნას.