ასეა სპორტის და სპორტსმენების საქმე: ემოციის ზღვაც იცის, დიდი სიხარულიც და ზოგჯერ იმედგაცრუებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ციფრებსა და დაკავებულ ადგილებში აისახება.
… ერთი სიამოვნებაა ძიუდოს მსოფლიო რეიტინგისთვის თვალის გადავლება. აი, მაგალითად ვაჯა მარგველაშვილმა პარიზში ფინალი კი დათმო, მაგრამ საკუთარ (-66 კგ) წონაში მაინც მსოფლიოში პირველია. რატომ და იმიტომ, რომ სტაბილურია და ერთი მარცხის წილ ათი გამარჯვება იცის.
პარიზული გრანდ სლემი საერთოდ გამოტოვა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, თუმცა მის რეიტინგლიდერობას ამის გამო არაფერი დამუქრებია. გურამი ყველა წონის ფალავანთა შორის სულაც მეორეა.
პირველი? ვინ უნდა იყოს, თუ არა ვარლამ ლიპარტელიანი, აგერ უკვე მესამედ რომ მოინადირა პარიზული ოქრო.
შვიდ წონაში სამი ქართველის პირველობა თავისთავად კარგია, მაგრამ გვაქვს წონის ლიდერების კიდევ ერთი კატეგორია პირობითი სახელით „აფსუს!“
ესპანელთა ახალი კერპი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი. ის 90 კილოგრამამდე კატეგორიის რეიტინგსაც ამ ქვეყნის სახელით ლიდერობს.
უმჩატეს ძიუდოისტთა შორის პირველობა რობერტ მშვიდობაძეს უპყრია, მაგრამ რუსეთის ღირსებას კი იცავს.
შვიდი ლიდერიდან ხუთი ქართველი! ძიუდო მართლა იაპონური სპორტია? ყოველ შემთხვევაში, სამურაების შთამომავლებს საამაყოდ ოდენ იოში ჰაშიმოტო ჰყავთ, ვინაც 73 კილოგრამამდე წონის ფალავნებს ლიდერობს. იმედია, დროებით – ჰაშიმოტოს კვალში ლაშა შავდათუაშვილი უდგას. რეიტინგის კიდევ ერთი მეორეადგილოსანი ამირან პაპინაშვილი გახლავთ, რომელიც რობერტ მშვიდობაძეს მშვიდად პირველობას ნამდვილად არ დაანებებს.
ნუ დავივიწყებთ, რომ ოლიმპიდამდე წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა და სალიცენზიო ქულები ოქროდ ფასობს. წესით, ჩვენი გუნდი, ტრადიციულად, სრული შემადგენლობით ჩავა ტოკიოში და არც იმაზე ვიქნებოდით უარს, ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ამ რეიტინგის გაგრძელება გვეხილა.