12 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო ეტაპი მერვედფინალური მატჩებით გაიხსნება. „რომა“ „პორტუს“ უმასპინძლებს, „მანჩესტერი“ – პსჟ-ს. უეფას ოფიციალური გვერდის ცნობით, ვიდეოარბიტრის სისტემამ (VAR) წარმატებით გაიარა ტექნიკური ტესტირება, მსაჯებმა საჭირო განსწავლულობა მიიღეს და ამიერიდან, ისტორიაში პირველად, მერვედფინალური ეტაპიდან დაწყებული, მას ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გამოიყენებენ.
VAR-ი უკვე მუშაობს რამდენიმე ეროვნულ ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგაში კი ასე იქნება: VAR-ის ბრიგადები ყველა მატჩის სტადიონზე განთავსდებიან და მთავარ მსაჯს მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებიან. ჯგუფში შედიან ვიდეოდამხმარე არბიტრი, მისი ასისტენტი და ორი ვიდეოოპერატორი.
ბრიგადა ოთხ საკვანძო სიტუაციისას დაეხმარება არბიტრს:
გოლებისას
საჯარიმოში ინციდენტებისას
წითელი ბარათებისას
ფეხბურთელთა არასწორი იდენტიფიკაციისას
სადაო სიტუაციის შემთხვევაში, VAR-მა შეუძლია სთხოვოს არბიტრს განმეორებით ნახოს ეპიზოდი აუტის ხაზთან განთავსებულ მონიტორზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის მთავარი მსაჯი იღებს.
როცა მსაჯი მონიტორისკენ გაემართება, მაყურებელს ხმოვანი სიგნალით, ან ტაბლოს მეშვეობით შეატყობინებენ გადაწყვეტილებას.
უეფას აღმასკომმა ასევე დაადგინა, რომ VAR-ს გამოიყენებენ 2019 წლის ევროპა ლიგის ფინალში, წლევანდელ ერთა ლიგის დასკვნით ეტაპზე და ახალგაზრდული ევრო 2019-ის ფინალურ ეტაპზე.