საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სეზონის პირველი დიდი ტურნირი 4 მედლით დაასრულა. ტურნირის პირველ დღეს სამ წონაში ქართველებს სამი მედალი ერგოთ.

პირველი მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ მოიპოვა. მან  ჯერ ესპანელ ფრანსისკო გარიგოს სძლია, მეოთხედფინალში კი ეკვადორელი ლენინ პრესიადო თემურმა იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ამ ტურნირის ოთხგზის ტრიუმფატორ ნაოჰისა ტაკატოსთან ვერას გახდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ებრაელ ბენ დავიდს გაუსწორდა.

66 კილოგრამამდე ვაჟა მარგველაშვილმა ფინალამდე უპრობლემოდ იარა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მოლდოველ დენის ვიეირუსთან წამიერი უყურადღებობა ოქროს მედლის ფასად დაუჯდა – იპონი გაეპარა.

73 კილოში ლაშა შავდათუაშვილმა გზიდან რუსი ეგორ სკვორცოვი და ბერძენი გეორგიოს აზოიდისი დაამარცხა. ჩვენმა ფალავანმა მეოთხედფინალი მონღოლ ცენ-ოჩინ ცოგბაატართან დათმო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი ჰაიდაიატ ჰეიდაროვი არ გამოუცხადდა და მედალი ერგო.

ტურნირის მეორე დღეს პროგრამა 4 წონით კატეგორიაზე იყო გათვლილი და ჩვენი 5 ფალავანი გამოდიოდა, თუმცა ბოლომდე მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა.

ჩვენი გუნდის კაპიტანი პირველ წრეში ისვენებდა. მეორეში ვარლამი ტაილანდელ პუიანგს გაუსწორდა, მეოთხედფინალში ბულგარელ დანიელ დიჩევთან ბეწვის ხიდზე გაიარა – გაფრთხილებებით აგებდა და სირენამდე 2 წამით ადრე იპონზე დაახეთქა მეტოქე. ნახევარფინალში ასევე იპონით კორეელი გუამ ჩოს დამარცხებით ვარლამმა ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც უკვე იაპონელი აარონ ვოლფი დახვდა.

22 წლის ვოლფს კარიერაში ერთადერთი დიდი ტურნირი აქვს მოგებული და ისიც როგორი – ბუდაპეშტის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალშიც სწორედ ჩვენი ნაკრების კაპიტანი დაგვიმარცხა. იაპონელმა პარიზშიც სულ იპონებით მოფინა ტატამი, მაგრამ მხოლოდ ფინალამდე. ლიპარტელიანის გამოცდილება ბარე სამ ფალავანს გაწვდება და ამჯერად უშეცდომოდ დაუდგა მეტოქეს, მისი წამიერი მოდუნება კი ვაზარიდ აქცია.
ოქრო საქართველოში მოდის.

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიაროგორ დაიბადა რეალი…
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".