ოლე გუნარ სულშერმა ედ ვუდვორდს აღუთქვა, რომ ორ წელიწადში ის „მანჩესტერ იუნაიტედს” ძველებურად დიად გუნდად აქცევს.

ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა დროებით მწვრთნელს ამ ეტაპზე დიდი შანსი აქვს სეზონის ბოლოს რეგულარულ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. დღევანდელი მონაცემების მიხედვით უმალ მას დანიშნავენ ლეგენდარული კლუბის მუდმივმოქმედ თავკაცად, ვიდრე „ტოტენჰემის” თავკაც მაურიციო პოჩეტინიოს, რომელზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუსრულებლად ლაპარაკობენ.

სულშერმა თქვა: „ყველა შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის ბრძოლა — აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ორი წელიწადი ერთი შეხედვით ბევრია, მაგრამ მეორე მხრივ ცოტაა იმისათვის, რომ კვლავ დიდი გუნდი შევქმნათ”.

ვუდვორდი, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარეა, რომელმაც ზაფხულში კლუბს ახალი მწვრთნელი უნდა შეურჩიოს.

სულშერი: „თვალწინ ნათლად მაქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ჩვენი გუნდი ორ წელიწადში. ჩემს შეხედულებებს კლუბის ხელმძღვანელებს და პირადად ედ ვუდვორდს რეგულარულად ვაცნობ. „მანჩესტერ იუნაიტედს” ზურგს უმაგრებს დიდი ისტორია, სერიოზული ინფრასტრუქტურა და რესურსი. ამ კლუბს მხოლოდ დიდი გეგმები უნდა ჰქონდეს, სხვანაირად არ შეიძლება”.

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონში „ფულემს” ხვდება და იმედოვნებს, რომ ზედიზედ მეათე შეხვედრაშიც არ დამარცხდება. მოგეხსენებათ, ეს ათი შეხვედრა გუნდმა სულშერის ხელმძღვანელობით ჩაატარა ანუ რაც ნორვეგიელმა მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუ შეცვალა, „იუნაიტედს” არ წაუგია.