2019 წლის, მოსაწყენი, ერთ ადგილზე სატკეპნი, მოტივაციაგამოცლილი ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლუჟში რუმინეთის ნაკრები 18:9 დაამარცხა. მესამედზე შევსებული ტრიბუნების წინ, სადაც მცირერიცხოვან ქართველ ქომაგთა ხმები მკაფიოდ ისმოდა, ქართველებმა არითმეტიკული თვალსაზრისით ჩააგდეს მატჩის პირველი ნახევარი (3:6), თუმც თამაშს ეტყობოდა, რომ გამარჯვებულის ამოცნობა შესაძლებელი იყო. მართლაც, მეორე ტაიმში ჩვენები უფრო ეფექტურად მიაწვნენ და ორი ლელოთი, თითო გარდასახვით და ჯარიმით სათავისოდ დაბეჭდეს მატჩის საბოლოო ანგარიში. ანთიმოზ ივეერიელის თასი ტრანსილვანიიდან კვლავ თბილისს გამოემგზავრება.
რა შეიძლება ითქვას? მკითხველისთვის კარგახანია მოსაწყენად ქცეული ტექსტი განმეორება გვიწევს, მაგრამ სხვა რა გზაა: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ ავადსახსენებლ ევროპირველობაზე თამაშის მოტივაცია არ ჰყოფნის, ქომაგს კი – ქომაგობის. სულ დავიარე თამაშის მსვლელობისას და მისი გასრულების შემდეგ ქართული სპორტული ფორუმები და ყველგან ზანტ სიხარულზე მეტი ვერაფერი ვნახე.
ეს რუმინეთი კიდევ სხვებზე მაგარია, მომდევნო მეტოქეები კი მთლად ჩასათვლემნი არიან და აღარც რუსეთთან პოლიტიკურ-სპორტული ანგარიშსწორება აინტერესებს ვინმეს, წაქცეულის ცემას ჰგავს კარგა ხანია და იმიტომ. წელიწადში ხუთი მაინც მძვინვარე, თუნდაც წაგებული თამაშის გარეშე წინსვლა სრულიად შეუძლებელი ჩანს, ამიტომ ვერ დავეთანხმებით ქომაგს, რომელმაც ერთერთ ფორუმზე დაწერა “მელიტონ, გამოიძახე ტაქსი!” (მელიტონი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსაფერებელი სახელი გახლავთ). ცხადია, ნაკრების თამაშიც ვერ იყო დღეს საღამოს იდეალური, ტექნიკური წუნი მეტნაკლებად ყველა სათამაშო კომპონენტში დაფიქსირდა, მაგრამ მეორე ტაიმმა ცხადად უჩვენა, რომ მწვრთნელს ნაკრების თამაშის მართვა შეუძლია და მის ტაქსში ჩასმაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოს ნაკრების რყევების მთავარი მიზეზი მაინც მსოფლიო რაგბის მამათა სიჯიუტეში უნდა ვეძებოთ.