ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩემპიონთა ლიგა სრულყოფილებასთან ახლოს მყოფი შეჯიბრებაა, მაგრამ ვინაიდან ამქვეყნად სრულყოფილება არ არსებობს, უეფა და ევროპის კლუბთა ასოციაცია მისი გადასხვაფერების ვარიანტებზე ფიქრობენ.
ამ ეტაპზე გეგმაშია 2021 წლიდან ლიგის თამაშების შაბათ-კვირას ჩატარება. ზემოთ ნახსენებ ორ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს შეჯიბრებას გააძლიერებს როგორც სპორტული, ასევე კომერციული კუთხით.
თავისთავად იდეა ახალი არ გახლავთ. მას უკვე წლებია უტრიალებენ, მაგრამ 2018-ში ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ამ ეტაპზე უკვე დამტკიცდა და რაც მთავარია, სატელევიზიო უფლებებიც განაწილდა, ასე რომ 2021-მდე ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
აღსანიშნავია, რომ იდეა საკუთრივ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბებიდანაც კი ყველას არ მოსწონს, ასე რომ რეფორმატორებს წინ კიდევ ბრძოლა ელით.
რაც შეეხება ევროპის სუპერლიგის შექმნას, ამას ალექსანდერ ჩეფერინი და ძმანი მისნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ ურჩევნიათ ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის დახვეწა, ვიდრე ახალი შეჯიბრების დაარსება.
„არანაირი ევროპის სუპერლიგა არ შეიქმნება”, — გადაჭრით თქვა უეფას ხელმეორედარჩეულმა პრეზიდენტმა ხუთშაბათს, რომში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე.