„ვესტ ჰემისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში თანამსაჯმა საიმონ ბეკმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შეამჩნია, რისი წყალობითაც მერსისაიდელებმა გოლი გაიტანეს (1:1) და დღეს „მანჩესტერ სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ცხრილში ლიდერობენ. ორივე გუნდს 62 ქულა აქვს, ოღონდ „ლივერპულის” მდგომარეობა მაინც უფრო ხელსაყრელია, რადგან ერთი მატჩი აქვს მარაგში.
უფრო კარგად გავიხსენოთ: ბეკის შეცდომამ გამოიწვია ის, რომ თამაშგარედ მყოფმა ჯეიმს მილნერმა ბურთი საიდო მანეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი გოლი შეაგდო — ანგარიში გახსნა. მართალია, ლონდონელებმა ერთი ხნის შემდეგ მანეს გატანილი გოლი გაქვითეს, მაგრამ მათი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი უკმაყოფილო დარჩა.
სხვათა შორის, უკმაყოფილო დარჩა „ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპიც, რომელიც ჩიოდა, რომ მსაჯი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ცდილობდა შესვენებამდე დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა და ამიტომ „ვესტ ჰემს” ემხრობოდა, მაგრამ სადაც ჯერ არს პელეგრინის გულისწყრომა უფრო სამართლიანად ჩათვალეს და ბეკი დასაჯეს — ის ამ უქმეებზე შინ იჯდება. უფრო სწორედ, როგორც მსაჯთა ამბებში ჩახედულმა წყარომ თქვა, ის შაბათ-კვირას სტადიონის ნაცვლად საშოპინგოდ გაუშვეს.
ჯოხი რომ ბეკზე გადატყდა და არა მთავარ მსაჯ კევინ ფრენდზე, პელეგრინის დამსახურებაა. მან ხუთშაბათის ინტერვიუში თქვა: „მსაჯთან პრეტენზია არ მაქვს, რადგან „ლივერპულმა” გოლი მისი კი არა, თანამსაჯის შეცდომის გამო გაგვიტანა. როდესაც ეპიზოდს ჩანაწერში დავაკვირდით, დავინახეთ, რომ ის ნახევარმეტრიან ოფსაიდში მდგომ მილნერს კი არ უყურებდა, არამედ ყურადღება ბურთისკენ ჰქონდა გადატანილი”.