პრემიერლიგის ფეხბურთელი ბავშვობაში ქუჩაში ცხოვრობდა და თავს მათხოვრობით ირჩენდა. ლაპარაკია „კრისტალ პალასის” 28 წლის მოთამაშე მამადუ საკოზე. დღეს ის პრემიერლიგაში გამოდის და ხელფასიც პრემიერლიგური აქვს, ადრე კი პარიზის ქუჩების მაწანწალა იყო.
ბუნებრივია, ასეთი მძიმე წარსულის მქონე კაცი დღეს თანაგრძნობით არის სავსე და ლონდონის სამხრეთ უბნებში უსახლკაროებზე ზრუნავს.
საკო ამბობს: „უნდა გაიღო, გასცე; ეს აუცილებელია. თან, მაინცდამაინც ფულზე არ არის ლაპარაკი. უსახლკაროებს დრო უნდა დაუთმო, გამოცდილება გაუზიარო”.
კროიდონში, „კრისტალ პალასის” სტადიონ „სელჰარსტ პარკის” ახლომახლო უამრავი უსახლკარო იყრის თავს. ისინი ქუჩებში ცხოვრობენ, თუმცა ზამთრობით, როდესაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ ჩადის, კლუბი უსახლკაროთა ლაუნჯის კარს აღებს და უპოვრებს „სელჰარსტ პარკ სეინსბერის” საკვებით ამარაგებს.
საინტერესოა, რომ „კრისტალ პალასი” კროიდონში კრიზისის ცენტრსაც სპონსორობს და თავის საწვრთნელ ბაზაზე ინგლისელ უსახლკაროთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს.
საკო, რომელიც დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს, ხსენებულ კრიზისის ცენტრს თანაგუნდელ კრისტიან ბენტეკესთან ერთად ეწვია და გვარიანი თანხაც გაიღო. მეტიც, ყოფილმა ლივერპულელმა საკუთარი ფონდი დააარსა და აფრიკაში უსახლკარო ბავშვთა თავშესაფარს აშენებს.
„როდესაც ყურადღებას აქცევენ, უსახლკარროები თავს ბედნიერად გრძნობენ. ჩვენ მათ უნდა გავუღიმოთ, მხარდაჭერის ძალა ვაგრძნობინოთ და თბილი სიტყვები ვუთხრათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მსოფლიოს ისინი სჭირდება”, — თქვა საკომ.
28 წლის ბენტეკემ კი დასძინა: „ფეხბურთელები დიდ ფულს ვშოულობთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ეს კი არ არის, არამედ ის, ამ ფულით რას აკეთებ. თუკი შეგიძლია ხალხის ცხოვრება 5-10 პროცენტით მაინც შეცვალო, ეს ძალიან დიდი საქმეა. არასდროს მავიწყდება რამდენად უზრუნველყოფილი ვარ მე დღეს და როგორ გაჭირვებაშია უამრავი ადამიანი”.