ჯერ ხეირიანად დაწყებულიც არ იყო სოფიის ღია პირველობა და ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უკვე დასრულდა.
ჩვენებურს პირველ წრეში მეტოქედ გერმანელი დანიელ ბრანდსი ერგო, რომელიც მსოფლიოს ოდენ 180-ე ჩოგანია და ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა.
ნიკას გამარჯვებაში დარწმუნებულნი უკვე მეორე წრის მეტოქეზე ვფიქრობდით. როგორც ჩანს, თავად ნიკაც…
პირველ სეტში აყლაყუდა გერმანელმა ტოლი არ დაუდო ჩვენიანს. ბასილაშვილმა 6:5-ზე და მეტოქის მოწოდებაზეღა მიიღო შანსი, მაგრამ ორმაგი სეტპოინტი გაანიავა. ტაი-ბრეიკზე კი ბრანსი უფრო მობილიზებული ჩანდა – 7:6.
მეორე სეტი ბასილაშვილმა ზედიზედ ორი ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მერე რაც მოხდა, ძნელი ასახსნელია. ასეა თუ ისე 6:7, 5:7 და ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა.
ერთი შეღავათი ეგაა, რომ შარშან სოფიაში არ უთამაშია და არც ქულები ჰქონდა დასაცავი. არადა, ნიკა შარშანწინ ამ ტურნირის ნახევარფინალში იყო.