„ლივერპულის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჯეიმი კარაგერმა „ვესტ ჰემთან” მერსისაიდელთა თამაში და იურგენ კლოპის ზამთრის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა — ლონდონში „წითლებმა” „ჩაქუჩებთან” 1:1-ზე უკეთესი ვერაფერი შეძლეს და ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგეს.

ანგარიში ლივერპულელმა საიდო მანემ გახსნა, მაგრამ მაიკლ ანტონიომ ექვს წუთში გაათანაბრა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ამასთან ლივერპულელთა გოლის ეპიზოდში თანამსაჯს შეტევა საგოლე პასამდე უნდა გაეჩერებინა — ოფსაიდი იყო.

ლივერპულელთა თამაში პრემიერლიგის უპირობო ლიდერისას არ ჰგავდა. შედეგად, 25 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი „მანჩესტერ სიტის” ცხრილში მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. „სიტის” თავისი 26-ე შეხვედრა დღეს აქვს სტუმრად, „ევერტონთან”.

ზემოხსენებულმა 41 წლის კარაგერმა, როგორც მოგახსენეთ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა. მან თქვა, რომ კლოპს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ნათანიელ კლაინი „ბორნმუთში” არ უნდა გაეშვა. გარდა ამისა, კარაგერი მერსისაიდელთა სანაქებო წყვილს მო სალაჰსა და რობერტო ფირმინოსაც გადაწვდა.

ლივერპულის ვეტერანმა გადაცემა Monday Night Football-ში თქვა: „დღეს აშკარად ცუდი თამაში ვნახეთ, რასაც გამართლებას ვერ მოვუძებნი იმით, რომ გუნდმა აუცილებლად მოსაგები თამაშის ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო. ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა საშინლად და ჩემი აზრით წარუმატებლობის მიზეზი უფრო ღრმაა.

მე ვამბობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” „ლივერპულზე” უკეთესი შემადგენლობა ჰყავს. გაიხსენეთ თუ გნებავთ მარჯვენა მცველთან დაკავშირებული ამბავი… კლოპი სასტიკად შეცდა, როდესაც ნათანიელ კლაინი გაუშვა.

ვერ ვხვდები, რატომ გაასხვისეს ეს მოთამაშე. მისი გაშვების არანაირი აუცილებლობა არ იყო. მილნერმა ამ პოზიციაზე ორჯერ ითამაშა და თამაშიდან სრულიად ამოვარდნილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

კლოპი (მარჯვნივ) პელეგრინისაც ეკამათა

ნაბი კეიტაში უზარმაზარი ფული გადაიხადეს, ის კი კარგავს და კარგავს ბურთს.

ფირმინო და სალაჰი საკუთარ თავს არ გვანან. „ლივერპულის” შეტევებს მეტოქეთათვის ხიფათი აღარ მოაქვთ.

ერთი სიტყვით, ის სოლიდური „ლივერპული”, რომელსაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ვუყურებდით, სადღაც დაიკარგა. აშკარაა, რომ გუნდში რაღაც სწორად არ მიდის”.

აღსანიშნავია, რომ „ვესტ ჰემთან” წარუმატებლობამ იურგენ კლოპიც ამოაგდო კალაპოტიდან. ის შეხვედრის დამთავრების შემდეგ მსაჯსაც ეკამათა და მეტოქის მწვრთნელ ემანუელ პელეგრინისაც.

„ჩვენ გოლი თამაშგარედან გავიტანეთ, რაც შესვენებისას მსაჯმა რასაკვირველია შეიტყო და მეორე ტაიმში უცნაურ დღეში ჩაგვაგდო. იმას კი არ ვამბობ, რომ შესვენების შემდეგ არბიტრის გადაწყვეტილებები საბედისწერო იყო, მაგრამ რიტმს გვაკარგინებდა. 50-50 ან 60-40 სიტუაციებს მეტოქის სასარგებლოდ წყვეტდა” — დაიჩივლა გერმანელმა.