ქართული ხელბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა გიორგი ცხოვრებაძემ „მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. აქამდე გიორგი 17 წლისა იყო და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარ გუნდში თამაში ეკრძალებოდა, 2019 წლიდან კი გზა ხსნილია.
შეხვედრა, რომელშიც ცხოვრებაძემ „მონპელიეს” პირველ გუნდში თამაში დააჭაშნიკა ამხანაგური გახლდათ. მისმა გუნდმა დაამარცხა „შამბერი” 33:29.
„საქართველოს ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ სამ ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა — მეორე გუნდის შემადგენლობაში „ნიმის” წინააღმდეგ, რომელშიც 5 გოლი გავიტანე; შემდეგ კვლავ მეორე გუნდის შემადგენლობაში „ბანიოლთან”, რომელშიც 10 გოლი შევაგდე და ძირითადი გუნდის შემადგენლობაში „შამბერისთან”. ამ შეხვედრაში მოედანზე დიდხანს არ გამაჩერეს, მაგრამ ერთი საგოლე პასის გადაწოდება და ერთი დარტყმა მოვასწარი. ამის შემდეგაც ძირითად გუნდთან ერთად ვემზადებოდი „ექსთან” თამაშისთვის, მაგრამ, ვარჯიშზე ბარძაყში თანაგუნდელის ფეხი მომხვდა და ექიმებმა ერთკვირიანი დასვენება გამომიწერეს. ჯერჯერობით მსუბუქად ვვარჯიშიბ ტრენაჟორებზე. 6 თებერვალს თასის თამაში გვაქვს „ისტრთან”, ცხრაში — ჩემპიონთა ლიგის მატჩი „მეშკოვ ბრესტთან”, 13 თებერვალს კი საფრანგეთის ჩემპიონატი განახლდება, სადაც ისევ „ისტრს” ვეთამაშებით,” — თქვა ცხოვრებაძემ.