მსოფლიო პირველობის მთავარი სარბიელი – “არენა ვენერსბორგი”

ურიგო არ იქნება, ვინმე თუ მოიფიქრებს და ბენდის, იგივე ბურთიანი ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას რაციონალიზატორული წინადადებით მიმართავს: გაიმართოს მხოლოდ ფინალი რუსეთის და შვედეთის ნაკრებთა მონაწილეობით. ბენდი დიდებული სპორტის სახეობაა, თავის შაიბიან ძმაზე არანაკლებ ამოდ საყურებელი და საწყენია, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე ორი ან დიდი-დიდი სამი თამაში თუ გაიმართება ისეთი, ქომაგს ძარღვებში სისხლს რომ აუჩქროლებს. ბრძოლა, მონდომება დანარჩენებშიც ცოტა როდია, მაგრამ როცა შედეგი წინასწარ ცნობილია (რუსთა ან შვედთა კოლოსალური უპირატესობის გამო), ან კიდევ ჩემპიონობის პერსპექტივით თამაში არაფერს წყვეტს – თამაშის ყურებაც დიდად საინტერესო ვერ გამოდის.

ალმაზ მირგაზოვმა (შუაში) რუსებს მორიგი ოქრო მოუტანა

ახლაც, წუხელ, შვედურ ვენერსბორგში დასრულებულ ბენდის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოთხი ადგილი ზუსტად იმ მიმდევრობით განაწილდა, როგორც შარშან ამ დროს რუსულ ხაბაროვსკში შემდგარ ანალოგიურ ტურნირზე. მსოფლიო ჩემპიონი ისევ რუსეთი გახდა და გადამწყვეტი ბურთი ისევ  ალმაზ მირგაზოვმა შეაგდო, ოღონდ ამჯერად დამატებით დროში, 102-ე წუთზე. არადა, 4169 ქომაგის თვალწინ შვედებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს და მეორეში კი ისე ვეღარ ვარგოდნენ, მაგრამ 90-ე წუთამდე 5:4-ს იგებდნენ და რამდენიმე წამიღა რჩებოდათ ჩემპიონის ტიტულამდე, როცა იური ვიკულინმა (და არა ნიკულინმა) დაჰკრა მძლავრად და თავის გუნდს ოვერტაიმი მოუპოვა. იქ კი ფსიქოლოგიური და ყველა სხვანაირი უპირატესობა უკვე რუსთა მხარეს იყო. და კიდევ: შარშანდელივით, შვედებმა რუსები ჯგუფურ რაუნდში დაამარცხეს, ფინალი კი დაუთმეს. რუსებმა სტატისტიკურადაც წინ წაიწიეს: მათ ყულაბაში, საბჭოთა მემკვიდრეობის გათვალისწინებით, 26-ე ოქროს მედალი ჩაწკარუნდა, შვედები – 12 ოქროზე დარჩნენ და ცალი ოქროც 2004 წელს ფინეთის ნაკრებს ერგო – მეტი ჩემპიონი მსოფლიო ბენდის არ ჰყოლია და ალბათ, დიდხანს არც ეყოლება.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც ფინეთმა შარშანდელი გაუმეორა ყაზახეთს და ბრინჯაოს მედლისთვის თამაში 8:2 მოუგო. მთლიანად უმაღლეს, A-ჯგუფში კი ადგილები ასე განაწილდა: 1. რუსეთი 2. შვედეთი 3. ფინეთი 4. ყაზახეთი 5. ნორვეგია 6. აშშ 7. გერმანია 8 ჰოლანდია. ეს უკანასკნელი ელიტიდან B-ჯგუფში გავარდა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ პერსპექტიული ესტონეთის ნაკრებით ჩანაცვლდება.

 

წილი
წინა სტატიაოლე მოძებნის დნმ-ს
შემდეგი სტატიაქართველებმა ნიცა გააოცეს
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია