მხოლოდ ხუთი თვე გავიდა მას მერე, რაც მაურიციო სარი „ჩელსის” მწვრთნელად დანიშნეს და ის უკვე თავად აღიარებს, რომ მის თავს საავდრო ღრუბლები შექუჩდა. იმავდროულად, იტალიელი ამბობს, რომ პრემიერლიგის ყველაზე არასტაბილური გრანდის სათავეში ყოფნა და გამოწვევის მიღება ძალიან სიამოვნებს.

სარიმ თქვა, რომ ოთხშაბათს, „ბორნმუთთან” 0:4 წაგების შემდეგ სულ რამდენიმე საათი ეძინა, მაგრამ:

„ჩემი სამსახური ყოველთვის რისკის ქვეშაა და მე ის ზუსტად ამის გამო მიყვარს. ზეწოლა შთამაგონებს. თან, ძალიან კარგად ვიცი საფეხბურთო ცხოვრების წესები: დღეს შეიძლება „მანჩესტერ სიტის” მოუგო, ხვალ კი სამსახურიდან გაგიშვან”.

„ნაპოლის” ყოფილმა თავკაცმა თქვა, რომ ის მეოცნებე ადამიანია, მაგრამ „ბორნმუთთან” 0:4-ის შემდეგ ოცნება ძნელია. ის აგრეთვე კმაყოფილია თავისი ფეხბურთელების — ამბობს კარგად ვარჯიშობენ და პროგრესი აქვთო, მაგრამ დასძენს, რომ ინგლისის რიტმარეული კალენდარი გეგმაზომიერ ვარჯიშს ხელს უშლის.

შემდეგ სარიმ ასეთი რამ თქვა: „მე ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას ვერ ვიცვლი და ეს გუნდში კამათს იწვევს. მაგრამ, მომავალში შეიძლება შევიცვალო კიდეც”.

დღეს „ჩელსი” „ჰადერსფილდს” მასპინძლობს.

სარი: „თავიდანვე კარგად ვიცოდი, რომ რთული საქმე მელოდა. სირთულეს ის განაპირობებს, რომ აქ, ინგლისში, ძალიან მაღალი დონეა. კიდევ ის, რომ ეს გუნდი ადრე სხვანაირი ფეხბურთით იმარჯვებდა. და მაინც, ვფიქრობ რომ მიზანს მივაღწევთ. ჩვენ შეგვიძლია მენტალიტეტის შეცვლა. მინდა დავიჯერო, რომ ჩემებური ფეხბურთით მოვიგებ ტიტულებს, თუმცა ეს იოლი საქმე არ იქნება.

ძველებურ მაურიციო სარიდ ვაპირებ დარჩენას. მეოცნებე გახლავართ. ჩემი სტილით მინდა თამაში. ბოლო შეხვედრაში ძალიან ცუდად წავაგეთ, მაგრამ ის სხვანაირი მატჩი გამოვიდა. პირველი გოლის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ. შეცდომები არასწორი რეაქციის გამო დავუშვით და არა იმიტომ რომ მიდგომა გვქონდა მცდარი.

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე პოზიციას ვერ შევიცვლი. მომავალში ალბათ შევძლებ, წარსულშიც შემიცვლია შეხედულება, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიზამ.

თუ ამ ფეხბურთელებს მენტალიტეტს შევუცვლი, ისინი ჩემს სტილში შესანიშნავად ითამაშებენ”.

„ჩელსის” თავკაცმა აგრეთვე თქვა, რომ საკუთრივ კლუბმაც უნდა გადახედოს მიდგომას და წარამარა მწვრთნელების ცვლას თავი დაანებოს.

„ინგლისში „ტოტენჰემი”, „მანჩესტერ სიტი” და „ლივერპული” დგანან სხვებზე მაღლა. მიზეზი: ერთგან მწვრთნელი ხუთი, მეორეგან ოთხი და მესამეგან სამი წლის წინ მივიდა. მათ აქვთ გეგმა და გატაცებით აკეთებენ თავიანთ საქმეს.

როდესაც ყოველ სამ დღეში ერთხელ გიწევს თამაში, ძნელია ყოველ შეხვედრას სწორი მენტალიტეტით მიუდგე. ვარჯიშების დაგეგმვაც ძნელია. რაც აქ ვარ მხოლოდ ერთხელ მქონდა მთელი კვირა ჩემს განკარგულებაში, ისე რომ შუაში თამაშმა არ მოგვიწია. ასეთ პირობებში კი გუნდისა და ცალკეული ფეხბურთელების მომზადება რთულია. დრო არასდროს გვყოფნის და მარტო ვიდეოჩანაწერების ანალიზი საკმარისი არ არის”.