გიორგი ლორია რუსეთის სადავო პალატას მიმართა, რადგან სამარის „კრილიას“ მის მიმართ დავალიანება ჰქონდა – 20 მილიონი რუბლი, რაც 305 ათასი დოლარის ტოლფასია.
„კრილიას“ არა მხოლოდ ხელფასი, კომპენსაციაც დაუკავებია საქართველოს ნაკრების მეკარისთვის. საკითხი მოგვარდა. სამარის კლუბი ლორიას თანხას გადაუხდის:
„ეს არ ყოფილა სასამართლო. ლორიამ ძველი ვალების გასტუმრების შესახებ შეიტანა განცხადება. კომისიამ კი ფულის გადახდა დაგვაკისრა. ამ დროისთის ვალი არაა გასტუმრებული, მაგრამ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გავისტუმრებთ,“ – განაცხადა „კრილიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა.
ლორია 2015–2018 წლებში ეკუთვნოდა „კრილიას“ და გარკვეული პერიოდი „ანჟიში“ იყო განათხოვრებული, ახლა კი გერმანიის მეორებუნდესლიგელ „მაგდებურგშია“.