1996 წლის ევროპის ჩემპიონი, 51 წლის მათიას ზამერი ამბობს, რომ გერმანული ფეხბურთი უმძიმეს პერიოდშია.
„თვითმყოფადობა ყველასთვის აუცილებელია. მე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ გერმანულმა ფეხბურთმა სახე დაკარგა”, — თქვა მან დიუსელდორფში გამართულ SpoBis-ის კონგრესზე, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეყნის ნაკრების სუსტ გამოსვლასა და ბოლო პერიოდში ბუნდესლიგის კლუბების ცუდ ევროშედეგებს მიეძღვნა.
ზამერის თქმით გერმანული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა გამარჯვებულის მენტალიტეტითა და შეურიგებელი სულით. მისი თქმით, ამ თვისებების დასაბრუნებლად საჭიროა წაახალისონ მოთამაშეთა მკვეთრი ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალური ოსტატობა.
ზემოხსენებულ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხშირად იმეორებდნენ ფრაზას: ვარსკვლავი მთელი გუნდი უნდა იყოს. ზამერის თქმით ასეთო მიდგომა ინდივიდუალიზმს ანგრევს.
„საუკეთესო გუნდები ინდივიდუმების წყალობით ლიდერობენ, — თქვა მან, — საჭიროა ლიდერებისა და გუნდური მოთამაშეების ნაზავი. კარგ გუნდს ინდივიდუმები ქმნიან. გერმანულ ფეხბურთში კვლავ დიდი პოტენციალია. ამასთან, ჩვენ საფეხბურთო კავშირშიც (გერმანიის ფეხბურთის ასოციაციაში) გვჭირდება საფეხბურთო ექსპერტები”.
მათიას ზამერი დღეს „ევროსპორტის” მიმომხილველი და გერმანიის საფეხბურთო კავშირის კონსულტანტია. ადრე ის „ბაიერნის” სპორტულ დირექტორად მუშაობდა. ვეტერანი ამბობს, რომ დღევანდელი ცხოვრება ძალიან მოსწონს და აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებაში დაბრუნება არ სურს.
„ყველა ჩემი ბრძოლა უკვე მოხდილი მაქვს. საფეხბურთო საქმიანობაში დაბრუნება აღარ მინდა”, — თქვა მატიას ზამერმა.