„რეალი” არ ნებდება. მადრიდელებს 100 მილიონ გირვანქად „მანჩესტერ იუნაიტედისგან” მარკუს რეშფორდის შეძენა უნდათ. და ეტყობა „ლოს ბლანკოსში” გადასვლის ხიბლმა თავად ფეხბურთელსაც აურია თავ-გზა. ამბობენ, რომ ის „ოლდ ტრეფორდზე” დარჩენას არ ეშურება, „იუნაიტედთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აჭიანურებსო.
ფრანგი თანაგუნდელისგან, ანტონი მარსიალისგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი „იუნაიტედთან” ახალ ხუთწლიან კონტრაქტს, რეშფორდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ინგლისური პრესა ნოემბერში წერდა, რომ „რეალის” ხალხი 21 წლის მოთამაშის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მაგრამ მაშინ „მანჩესტერში” სხვა გარემო იყო — გუნდს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა და რეშფორდი პორტუგალიელის ხელში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. მას თავდასხმაში მისთვის მოხერხებულ პოზიციაზე არ ათამაშებდნენ, რის გამოც ცდილობდა სადმე, საზღვარგარეთ კარგი ვარიანტი ენახა და გადასულიყო.
რეშფორდს გუნებ-განწყობა თითქოს „მანჩესტერ იუნაიტედში” მწვრთნელის შეცვლის, კერძოდ კი დროებითი თავკაცის, ოლე გუნარ სულშერის მოსვლის შემდეგ შეეცვალა, მაგრამ ახლა „რეალი” აღარ ცხრება. „თეთრები” ინგლისელს ძირითად შემადგენლობაში მუდმივ ადგილსა და იმაზე მეტ ხელფასს ჰპირდებიან, რასაც ის კონტრაქტის განახლების შემთხვევაში „ოლდ ტრეფორდზე” აიღებს.
რა თანხაზეა ლაპარაკი? დღესდღეობით რეშფორდი კვირაში 60 ათას გირვანქას იღებს, მაგრამ „იუნაიტედი” ახალი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში 200 ათასს ჰპირდება. „რეალის” შეთავაზება კი კვირაში 250 ათასია.
სულშერის ხელში რეშფორდმა 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, თუმცა სამშაბათს „ბარნლისთან” მეტად ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი მომენტიც გაუშვა ხელიდან. გუნდმა ვერ მოიგო — 2:2. მეტიც, „მანჩესტერ იუნაიტედი” კინაღამ დამარცხდა — 81-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, არადა რეშფორდს მე-9 წუთზე ნაღდი შესაგდები რომ შეეგდო, მასპინძლები დაწინაურდებოდნენ და სულ სხვა თამაში გაჩაღდებოდა.